გიგა გურგენიძე: პროფესიონალს გარანტირებული არაფერი აქვს

354

მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთანაც კალათბურთი ძალიან პოპულარული სახეობაა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს 3X3–ზე კალათბურთი. ჩვენი სტუმარია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3–ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე.

– როგორ გაჩნდა ცალკე 3X3–ზე კალათბურთის ფედერაციის ჩამოყალიბების იდეა?
– ზოგადად, ეს ახლა არ ჩამოყალიბებულა. პირველად 2006 წელს დავიწყეთ, როცა FIBA–ს 3X3–ზე კალათბურთი ჯერ კიდევ უბნის სპორტად ჰქონდა მიჩნეული. 2014 წელს ოფიციალურად შევუერთდით კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, 2017 წლიდან კი ჩამოვაყალიბეთ ცალკე ორგანიზაციაც, რომელიც სახელის გამო გაცილებით მეტ პოპულარობას იძენს.

– რამდენად დიდია ხოლმე გამოხმაურება და დაინტერესება სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე?
– მოგეხსენებათ, ეს მიმდინარეობა ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სახის ტურნირებისთვის კალათბურთის ფედერაციას ყველა შესაძლო ინვენტარი აქვს. ტურნირებში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ მოთამაშეებს, ისე მოყვარულებსა შეუძლიათ და ბუნებრივია, დაინტერესება საკმაოდ დიდია.

– პროფესიონალისა და მოყვარულის დაპირისპირება…
– მინდა გითხრათ, რომ სულ სხვა სპეციფიკაა და ამ შემთხვევაში პროფესიონალს გარანტირებული არაფერი აქვს – სავსებით შესაძლებელია მოყვარულთა გუნდმა მოიგოს, რაც შეხვედრებს კიდევ უფრო მეტ ინტრიგასა და ინტერესს სძენს.

– როგორია სამომავლო გეგმები?
– ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. საქართველოს 18–წლამდე ნაკრებმა 3X3–ზე კალათბურთში შემოდგომაზე გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ოლიმპიადას 6–დან 18 ოქტომბრის ჩათვლით ბუენოს აირესი უმასპინძლებს.

– თუ იგეგმება მედია–ტურნირი 3X3–ზე კალათბურთში?
– საბედნიეროდ, უკვე ყოველ შაბათს მერიის მხარდაჭერით ლისზე ვართ წარმოდგენილნი და უახლოეს მომავალში მედიის ჩართვაც გვსურს.