ჰიდინკის პსვ – ანუ სასწაულთან ახლოს

322

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრება 2002 წლის მუნდიალი, სადაც გუუს ჰიდინკის თავკაცობით, ჩემპიონატის ერთ–ერთმა მასპინძელმა სამხრეთ კორეამ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების გამოგდებით ნახევარფინალამდე მიაღწია.

მუნდიალის შემდეგ ჰიდინკმა პსვ ჩაიბარა და 3 წლის შემდეგ კვლავ დიდი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა – ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე.

ზოგადად, ის პსვ ლამაზ, შემტევ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა და არ მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც ეს არ მოსწონდა.

ნახევარფინალში ბრწყინვალე “მილანს” შეხვდნენ, რომელთანაც პირველ შეხვედრაში “სან სიროზე” 2:0 დამარცხდნენ.

რასაკვირველია, მეორე მატჩის წინ ჰოლანდიაში ყველა ბრძოლას ელოდა, მაგრამ ასეთ დასაწყისსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა: უკვე მე–9 წუთზე ჯი სუნ–პარკმა ანგარიში გახსნა და პსვ–მ ტაიმი 1:0 მოიგო.

65–ე წუთზე ფილიპ კოკუმ ორმატჩიანი დუელის ანგარიში გაათანაბრა და საქმე დამატებითი დროისკენ მიდიოდა. პირლოს, კაკას, შევჩენკოს და სხვათა განეიტრალება ჰოლანდიელებს ნამდვილად გამოუვიდათ, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრაზილიელის ჩაწოდების შემდეგ მასიმო ამბროზინი მაინც გაეპარათ და ფინალში გამყვანი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, პსვ არ გატყდა და ძალიან მალევე კოკუმ დუბლი შეასრულა, მაგრამ დრო აღარ ეყოთ.

დამატებით დროში რომ გადასულიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა… “მილანის” ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში, სტამბულის ლეგენდარულ ფინალს ვერ ვიხილავდით. რაც არ უნდა იყოს. პსვ–ს მხოლოდ ტაში და ქება ეკუთვნის.

აი, ის ფორმაციაც: გომესი – თეო ლუსიუსი, ალექსი, ვილფრედ ბუმა, იანგ–პიო ლი – მარკ ვან ბომელი, იოჰან ვოგელი, ფილიპ კოკუ – ჯი–სუნ პარკი, ვენეგორ ოფ ჰესელინგი, ჯეფერსონ ფარფანი. “ბარსელონას” მომავალი მოთამაშე იბრაჰიმ აფელაი მაშინ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში 2:0–ის მოტრიალება სასწაულად ვერ აღიქმება, მაგრამ იმდროინდელი “მილანის” კარში 2 გოლის გატანაც უდიდესი საქმე იყო.