ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

467

გერმანიის ნაკრები მუნდიალს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონისა და ფავორიტის რანგში ხვდება. ბუნდესგუნდის გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ მათი საყვარელი გუნდი ზედიზედ მეორედ მოიგებს მსოფლიო თასს და გაიმეორებს იმ ისტორიულ შედეგს, რომელიც თითქმის 60 წელია არცერთ გუნდს არ მოუხერხებია. ბოლოს მსოფლიო თასი ზედიზედ ორჯერ ლეგენდარული პელესა და გარინჩას ბრაზილიის გუნდმა მოიგო (1958, 1962). ამისთვის იოახიმ ლიოვის შეგირდებს ყველა წინაპირობა აქვთ – წლების მანძილზე გამართული საფეხბურთო სისტემა და კარგად აწყობილი ნაკრები, გამოცდილი გუნდი და მწვრთნელი, რომელიც საუკეთესოდ ერგება სანაკრებო ტურნირების სპეციფიკას.

შემადგენლობა

გერმანიას უაღრესად დაბალანსებული და სტაბილური შემადგენლობა ჰყავს. იოახიმ ლიოვის გუნდი წლების მანძილზე ერთი სისტემით  თამაშობს და ფეხბურთელებიც ამ სისტემას კარგად იცნობენ და ერგებიან. იოახიმ ლიოვს შემადგენლობაში, ერთი შეხედვით, არ ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორც  ბრაზილიას ან არგენტინას, თუმცა გუნდი თითქმის ყველა პოზიციაზე უმაღლესი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. გერმანელთა შემადგენლობის მთავარი პლუსი მათი დიდი არჩევანია. იოახიმ ლიოვმა შესარჩევ ციკლსა და ამხანაგურ თამაშებში უამრავი მოთამაშე მოსინჯა, თუმცა მუდამ კარგი შედეგი აჩვენა.

ამას ისიც ემატება, რომ ნაკრების ძირითადი ბირთვის, წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი გმირები, კვლავ გუნდში რჩებიან. იოახიმ ლიოვის ერთადერთი თავისტკივილი ტრავმებთან ერთად, შეიძლება ის იყოს, რომ ნაკრების რამდენიმე ლიდერმა თითქოს კარიერის პიკი უკვე გაიარა და საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ უნდა იყოს.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

მეკარე

გერმანიის ნაკრებს მეკარის პოზიციაზე ყველაზე დიდი არჩევანი აქვს. იოახიმ ლიოვს სულ მცირე სამი მსოფლიო კლასის მეკარე ყავს, რომელთაგან ორს, ტერ შტეგენს და მანუელ ნოიერს აქვთ იმის ამბიცია, რომ თავის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესოები ერქვათ. ამის მიუხედავად, მეკარის პოზიცია გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა შორის ყველაზე მეტ დავას იწვევს.

ამის მიზეზი ის  არის, რომ  მრავალი წლის მანძილზე ბუნდესგუნდის ლიდერი და უპირობო პირველი ნომერი მანუელ ნოიერი სეზონის სტარტზე დაიმტვრა. უმძიმესი ტრავმის შემდეგ მას მთელი სეზონი არ უთამაშია, თუმცა მაისისთვის წვრთნა განაახლა. ფიზიკურად იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისთვის მზად უნდა იყოს, თუმცა, არავინ იცის, როგორ ფორმაში შეხვდება იგი მუნდიალს სათამაშო პრაქტიკის გარეშე. ამასთან ერთად, მის შემცველელ ტერ შტეგენს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ბუნდესგუნდსაც ნოიერის არყოფნა არაფრით აგრძნობინა.

ნოიერს მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად არ უთამაშია
ნოიერს მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად არ უთამაშია

ამ სიტუაციაში იოახიმ ლიოვს ყველა შემთხვევაში მოუწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. ტერ შტეგენის ამ ეტაპზე სკამზე დასმა გაუმართლებელი და არალოგიკური იქნება, ხოლო ნოიერის სათადარიგო მეკარედ ტურნირზე წაყვანა კი, არავინ იცის, როგორ მოუხდება გუნდის შიდა კლიმატს და რამდენად შედის თავად მანუს გეგმებში. ლიოვმა ნოიერი გაფართოებულ სიაში შეიყვანა, თუმცა ამ სიაში ოთხი მეკარეა და მას ერთი მათგანის დატოვება მოუწევს.

ლიოვმა ან უნდა გარისკოს და წაიყვანოს ნოიერი, ან დატოვოს იგი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა – მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ ნოერის მთავარი მიზანი სწორედ მუნდიალისთვის დაბრუნება იყო და თვეებია, იგი ამისთვის სპეციალურად ემზადება. არავინ იცის, ეს დანაკლისი (პირველ რიგში, ნოიერის, როგორც ლიდერის, რადგან სათამაშო თვისებებით ტერ შტეგენიც ძალიან კარგი მეკარეა) როგორ იმოქმედებს გუნდზე. არც ის ვიცით, თუ რა გავლენა ექნება გუნდის და თავად ნოიერის ხასიათზე მის სათადარიგო მეკარედ წაყვანას. ყველა შემთხვევაში, ლიოვი დელიკატური და რთული არჩევანის წინაშე დგას.

დაცვის ხაზი

გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური და შეთამაშებულია. ცალკე ვისაუბრებთ ჯერომ ბოატენგის ტრავმაზე, თუმცა ბოატენგთან ერთად ბუნდესგუნდს უაღრესად მაღალი კლასის და გამოცდილი დაცვის წყვილი ჰყავს.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

ბოატენგი-ჰუმელსის დუეტი  ოთხი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრებში  ერთად 133 თამაში უგროვდებათ, რომელთა დიდი ნაწილიც გვერდიგვერდ წყვილში აქვთ ნათამაშები და წლების მანძილზე მიუნხენის ბაიერნშიც ერთად ასპარეზობენ.  გამოცდილებისა და შეთამაშების გარდა, ეს წყვილი კარგად ავსებს ერთმანეთს – ჰუმელსი უფრო ძლიერია პოზიციურ თამაშში, ბოატენგი კი ორთაბრძოლებში. ორივე მათგანი ძალიან კარგად თამაშობს თავით და შესანიშნავად იწყებს შეტევას. გერმანიის ნაკრების პრესინგი თითქმის შეუძლებელი ამოცანა იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ცენტრალურ მცველთან ერთად მათი მეკარეც (როგორც ტერ შტეგენი, ასევე ნოიერი) კარგად იწყებს შეტევას და ეხერხება პასში თამაში. ორივე მათგანი თანამედროვე ტიპის მცველია და ბურთით თითქმის წინა ხაზის მოთამაშეების დონეზე თამაშობს.

თუმცა ბაიერნის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მათ უფრო ხშირად თამაშის შექმნაში უწევთ მონაწილეობის მიღება, ვიდრე უშუალო, დაცვითი მოვალეობების შესრულება. დაცვითი ფუნქციების პრაქტიკის ნაკლებობამ იმ მეტოქეების წინააღმდეგ, რომელიც კონტრშეტევებზე აგებს თამაშს, შესაძლოა, მოულოდნელი პრობლემა გამოიწვიოს.

ცალკე უნდა გამოიყოს ჯერომ ბოატენგის ტრავმა. ბოატენგმა აპრილის მიწურულს, რეალთან მეოთხედფინალში ფეხი დაიზიანა და წინასწარი პროგნოზით 4-6 კვირაში უნდა შეძლოს დაბრუნება. წესით, მან მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს. მისი პოტენციური არყოფნის შემთხვევაში ბუნდესგუნდს ძალიან გაუჭირდება. გერმანელებს დაცვის ცენტრში მისი კლასის სხვა ფეხბურთელი არ ჰყავთ. საუკეთესო ვარიანტად ჩელსის ანტონიო რიუდიგერი უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც არასტაბილური სეზონი ჰქონდა.

ჯერომ ბოატენგი (ტრავმის შემდეგ): “ცხოვრება სავსეა აღმასვლებითა და დაღმასვლებით. მთავარია, არასოდეს დანებდე. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ვიბრძოლო და ამისთვის ყველაფერს გავიღებ.“

ბუნდესგუნდს წესრიგში აქვს დაცვის ფლანგებიც. მარჯვნივ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენა ჯოშუა კიმიხი ითამაშებს. კიმიხიც ბაიერნელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იოახიმ ლიოვს დაცვის ხაზში ერთდროულად ბაიერნის სამი მოთამაშე ეყოლება და ნაკრებებისთვის ასე მნიშვნელოვანი შეთამაშების პრობლემა არ ექნება. კიმიხი ძალიან კარგად უტევს, ნახევარდაცვაშიც სრულფასოვნად თამაშობს და  განაპირა მცველისთვის ხშირად გააქვს გოლები (6 გოლი ამ სეზონში). აღსანიშნავია ისიც, რო 23 წლის კიმიხს უკვე 27 თამაში დაუგროვდა ნაკრებში, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, და მას გამოუცდელობას ვერავინ დასწამებს.
მარცხენა ფლანგზე ლიოვს ისეთი მყარი კანდიდატურა არ ჰყავს, როგორც დაცვის სხვა პოზიციებზე. ამ ამპლუაში ბოლო თამაშებში იგი ან გამოცდილ იონას ჰექტორს ათამაშებდა, ან ახალბედა მარვინ პლატენჰარდტს ბერლინის ჰერტადან. დიდი ალბათობით სასტარტოში ჰექტორი დაიწყებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ნაკრების წევრია. მით უმეტეს, რომ პლატენჰარდტთან ერთად ბუნდესგუნდის უკანასკნელი ამხანაგური თამაში ბრაზილიის წინააღმდეგ, არცთუ წარმატებული გამოდგა.

ნახევარდაცის ხაზი

გერმანიის ნაკრებს ნახევარდაცვაში ხუთი მოთამაშე ჰყავს და 4-5-1 სისტემით თამაშობს. იმ ფონზე, როდესაც გერმანიას მირო კლოზეს შემდეგ თავდასხმაში სტაბილურად მსოფლიო კლასის ფორვარდი არ ჰყოლია, ნახევარდაცვის ხაზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხუთი ნახევარმცველიდან ორი მათგანი უფრო სიღრმეში თამაშობს და ბურთის ამოტანა ევალება, ნახევარდაცვის შემტევი სამეულიდან ორი ფლანგებზეა განლაგებული, ერთი კი ცენტრში.
მოედნის სიღრმეში აუცილებლად ითამაშებს რეალისა და ბუნდესგუნდის ლიდერი ტონი კროოსი. გერმანიის ნაკრების თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ კროოსს აქვს. იგი იწყებს შეტევებს, ამოაქვს ბურთი დაცვიდან, აკონტროლებს თამაშის ტემპს და დინამიკას. კროოსი  ბურთის ფლობითა და პასით თამაშის კულტურით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ბურთს თითქმის არ კარგავს და სტაბილურად აქვს თამაშში 90 პროცენტზე მეტი ზუსტი პასების მაჩვენებელი.

კარგ ფორმაშია ილქაი გიუნდოგანი, რომელმაც ძლივს დააღწია პერმამენტულ ტრავმებს თავი. ამის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ გიუნდოგანის ადგილი სასტარტოში არ იქნება. იგი კროოსის სტილის ფეხბურთელია და დაახლოებით ანალოგიურ ფუნქციებს ასრულებს. კროოსის გვერდზე უფრო მეტი შანსია, რომ უფრო დაცვითი ტიპის მოთამაშე იქნება. ამ როლს ყველაზე კარგად გამოცდილი სამი ხედირა ერგება, რომელიც უკვე მრავალი წელია ნაკრებში თამაშობს. ხედირა ბევრს მოძრაობს უბურთოდ, ძლიერია ფიზიკურად, კარგად იგებს ორთაბრძოლებს და მისი ამ თვისებების გათვალისწინებით აბალანსებს ტონი კროოსს, რომლის ყველაზე ძლიერი მხარეც დაცვითი თამაში არ არის.

სავარაუდოა, რომ კროოსი-ხედირას დუეტი ძირითადში იქნება. გიუნდოგანი კროოსთან ერთად კი მხოლოდ მაშინ ითამაშებს, თუ იოახიმ ლიოვს შემტევი შემადგენლობის დაყენება უნდა, მასირებული დაცვის წინააღმდეგ თამაშობს და მოძრავი ხედირას ნაცვლად უფრო ბურთის დამჭერი გიუნდოგანი დასჭირდება.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

ნახევარდაცვის შემტევ სამეულში მარჯვნივ ადგილი გარანტირებული აქვს ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს – თომას მიულერს. მიულერი თითქმის 10 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ამ თაობის გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლოა. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის  შემდეგ მიულერი ფორმიდან ამოვარდნილად გამოიყურებოდა, ჩააგდო ევროპის ჩემპიონატიც და ადგილს ვერ პოულობდა კარლო ანჩელოტის ბაიერნში. თუმცა ანჩელოტის წასვლის და ბაიერნში მწვრთნელად იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, კვლავ ძველ დონეზე თამაშობს.

მიულერი ძალიან კარგად მოძრაობს უბურთოდ და იხსნება, აქვს თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო და თავისი ფლანგიდან მუდამ ინაცვლებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში.  ფლანგის კონტროლი მთლიანად კი ამ დროს ჯოშუა კიმიხს ევალება.

მარცხნივ იოახიმ ლიოვს ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა შემტევი ჰყავს – იულიან დრაქსლერი პარი სენ-ჟერმენიდან და ლეროი სანე მანჩესტერ სიტიდან. მიულერისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად უბურთოდ მოძრაობს, ორივეს უყვარს ფლანგიდან ცენტრში დრიბლინგით შემოსვლა, კაცის მოტყუება და თამაშის გამწვავება.

ლიოვი უფრო ხშირად დრაქსლერს ენდობა ხოლმე, რომელიც უფრო გამოცდილია,  თუმცა ამ სეზონში პარიზში მას დიდი კონკურენციის გამო ცოტა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მისგან განსხვავებით, უფრო ახალგაზრდა სანემ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და მუდამ თამაშობდა გვარდიოლას სიტიში. ამ პოზიციაზე ლიოვს ორი თანაბარი კლასის მოთამაშეს შორის ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მოედნის ცენტრში არსენალის მესუთ იოზილი ითამაშებს. იოზილი თითქმის 10 წელია მუდამ ნაკრებშია, თუმცა კარიერის პიკი მას გადავლილი აქვს და იოზილის უკანასკნელი სეზონები არსენალში წარმატებულად არ შეიძლება ჩაითვალოს. ბრიტანულ პრესაში წერენ იმაზეც, რომ იოზილი ფორმიდან ამოვარდნილია, რადგან არსენალში თამაში უბრალოდ აღარ სურს.

მარტინ კიოუნი (უეფას თასზე ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ): „ის ისე თამაშობს, თითქოს თანაგუნდელებს სურს უთხრას, რომ მათზე უკეთესია. ვინმემ იოზილს მკაცრად უნდა აუხსნას, რომ მისი გუნდელები მისთვის შრომობენ და თავს იკლავენ, ის კი მათ არ ეხმარება და თავის საუკეთესო თამაშს არ თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მას  მოედანზე გასვლა არ უნდა და წელს დარჩენილ სამ თამაშს აღარ ითამაშებს.“

მარტინ კიოუნის ამ კომენტარის შემდეგ არსენალმა გამოაცხადა, რომ მესუთ იოზილი ზურგის ტრავმის მიზეზით მართლაც  ვერ ითამაშეს ამ სეზონში დარჩენილ სამ თამაშს.

თავდასხმის ხაზი

ლიოვის გერმანია ტრადიციულად ერთი ფორვარდით თამაშობს. სულ რამდენიმე წლის წინ იყო დრო, როდესაც ლიოვს მაღალი კლასის ფორვარდი საერთოდ არ ჰყავდა და ამ პოზიციაზე მარიო გიოტცეს ან თომას მიულერს ათამაშებდა. ამ ფორმაციის ბუნდესგუნდშიც ფორვარდის პოზიცია ალბათ ყველაზე სუსტია.  გამოკვეთილ თავდამსხმელად დიდი ალბათობით ახალგაზრდა ტიმო ვერნერი ითამაშებს. 22 წლის ვერნერს ნაკრებში სულ  12 თამაში აქვს ჩატარებული, რომელშიც 7 გოლი შეაგდო.

ვერნერის მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა.  გულშემატკივარს ალბათ ახსოვს წელს, როდესაც ვერნერის ლაიპციგი ჩემპიონთა ლიგაში ბეშიქთაშს ხვდებოდა, ვერნერმა თურქი გულშემატკივარის ზეწოლის ქვეშ მწვრთნელს შეცვლა სთხოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე  ფსიქოლოგიური წნეხი ასევე ძალიან დიდი იქნება და ვერნერს ნერვებმა არ უნდა უმტყუნოს.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

ვერნერთან ერთად. გაფართოებულ სიაში ლიოვს  კიდევ ორი თავდამსხმელი ჰყავს, რომელთაგანაც, სავარაუდოა, რომ ერთ-ერთს აარჩევს. ორივე ეს თავდამსხმელი მაღალი და მასიურია, კარგად თამაშობს თავით და ძლიერია ორთაბრძლებში. ლიოვს ისინი მოწინააღმდეგის მასიური დაცვის წინააღმდეგ დასჭირდება. შესაბამისად, ორი ერთი ტიპის თავდამსხმელისგან მან შეიძლება  მხოლოდ ერთი წაიყვანოს და დამატებითი ადგილი განაცხადში ნახევარმცველებისთვის გაათავისუფლოს. მოულოდნელი იყო ის, რომ ბუნდესმწვრთნელმა ადგილი გაფართოებულ სიაშიც კი ვერ მოუძებნა სანდრო ვაგნერს, რომელსაც წინა თამაშებში ნაკრებში სტაბილური სათამაშო დრო ჰქონდა და მის ნაცვლად ახალბედა ნილს პეტერსენს უხმო.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

მთავარი მწვრთნელი

გერმანიის ნაკრებს უკვე 12 წელია, 2006 წლის  შემდეგ (იქამდე 2004-2006 წლებში იურგენ კლინსმანის თანაშემწე იყო) იაოხიმ ლიოვი წვრთნის. ის ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელია. საკლუბო დონეზე მას სერიოზული წარმატება არ ჰქონია, თუმცა ნაკრებთან ერთად ხუთი დიდი ტურნირი ითამაშა და არცერთხელ ბუნდესგუნდი ნახერფინალზე ადრე არ გამოვარდნილა.  ლიოვს გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იდეალურ სამუშაო პირობებს უქმნის და მასაც აქვს საშუალება წლების მანძილზე მშვიდად, მისი სტრატეგიის მიხედვით იმუშავოს.  ლიოვი ძლიერია, როგორც ტაქტიკური კუთხით, ასევე პირველ რიგში, როგორ მენეჯერი და მოტივატორი. მასთან ერთად 12 წლის მანძილზე ბუნდესგუნდს არცერთი სკანდალი და გაუგებრობა არ ჰქონია.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

საკვანძო მოთამაშე

გერმანიის ნაკრებს ერთი მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. თითოეულ ხაზში გუნდში რამდენიმე მსოფლიო კლასის მოთამაშეა. ალბათ ყველაზე დიდი გავლენა გუნდის თამაშზე ტონი კროოსს აქვს, რომელიც იწყებს და ავითარებს შეტევებს, იჭერს ბურთს, ცვლის შეტევის მიმართულებას და აკონტროლებს თამაშის ტემპს. სწორედ კროოსია ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი ლიოვის ფორმაციის გერმანიის ნაკრების თამაშისთვის,  რომლისთვისაც სახასიათო ბურთის ხანგრძლივად ფლობა და გათამაშებაა.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

გზა

გერმანიას არცთუ ისე მარტივი ჯგუფი ჰყავს. მასთან ერთად მექსიკა, შვედეთი და სამხრეთ კორეა თამაშობენ. ბუნდესგუნდი ძალიან სტაბილურია და ტრადიციულად, ჯგუფურ ეტაპზე პრობლემები არ ექმნება. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა უნდა იყოს, თუმცა,  ჯგუფში ადვილი გასეირნება არ ელის. მექსიკაც და შვედეთიც საშუალოზე მაღალი კლასის ნაკრებები არიან, რომელთაც ერთ თამაშში წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლიათ.

გერმანია ყურადღებით უნდა იყოს, რომ პლეი ოფის პირველივე ეტაპზე ბრაზილიასთან შეხვედრა აირიდოს თავიდან. თუკი რომელიმე მათანი მეორე ადგილზე გავა, ამ გუნდების გზები შესაძლოა მერვედფინალშივე გადაეკვეთოს.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

ძლიერი და სუსტი მხარეები

გერმანიის ნაკრებს ბევრი ძლიერი მხარე აქვს და სრულიად სამართლიანად მიიჩნევა მუნდიალის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ბუნდესგუნდის გამოცდილი და დაბალანსებული შემადგენლობა – თუკი თავდამსხმელისა და მარცხენა მცველის პოზიციას გამოვაკლებთ, გუნდი ყველა რგოლში მსოფლიო კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.
საუკუნის დასაწყისში სანაკრებო დონეზე წარუმატებლობების შემდეგ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ერთიანი გეგმა შეიმუშავა. ამ სისტემაც შედეგი მალევე დადო და დღემდე ძალიან წარმატებით მუშაობს – გერმანიას წლიდან წლამდე ახალი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.  რაც ყველაზე მთავარია, საფეხბურთო სისტემა ერთი კონცეფციის მიხედვით არის აწყობილი და ბუნდესგუნდის მოთამაშეებიც ერთი საფეხბურთო ფილოსოფიისა და სტრატეგიის მიხედვით არიან აღზრდილები. ეს კონცეპტუალური ერთიანობა ბუნდესგუნდს თამაშშიც ეტყობა. ამას ემატება იოახიმ ლიოვის ფაქტორი და შედეგად, გერმანიის ნაკრები აწყობილი და შეთამაშებული, თითქმის კლუბის დონეზეა. ეს ერთიანობა აისახება ბუნდესგუნდის თამაშზეც – მისი თამაში  ჰარმონიული და კომბინაციურია.

ნაკრებს ორი პრობლემა აქვს: წამყვანი მოთამაშეების (ბოატენგი, იოზილი, ნოიერი) ტრავმები და მათი სათამაშო ფორმა. მეორე მნიშვნელიოვანი ფაქტორი კი ის არის, რომ ნაკრების ეს ბირთვი უკვე ბევრი წელია თამაშობს. კარიერის პიკი მათ ლიდერებს (ხედირა, იოზილი; შესაძლოა, მიულერი) გადავლილი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატის ორჯერ ზედიზედ მოგება ურთულესი ამოცანაა. საკითხავია, თუ როგორი იქნება  ბუნდესგუნდის მოტივაცია – რამდენად ექნება გერმანიას საჭირო ემოციები, ენერგეტიკა და ემოციური „წყურვილი”, რაც ჩემპიონობისთვის აუცილებელია. მაგალითისთვის, ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრები ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა მასპინძელ საფრანგეთთან დაძაბულ და ემოციურ შეხვედრაში დამარცხდა, ისე, რომ მათი კლასის მიუხედავად, რჩებოდა განცდა, რომ საფრანგეთს უფრო მეტის გააღება შეეძლო გამარჯვებისთვის, ვიდრე ლიოვის გუნდს.

ისტორიული პანორმა

გერმანიის ნაკრები მწვრთნელებს ძალიან იშვიათად ცვლის და ამით ყველა სხვა ნაკრებისგან განსხვავდება. გერმანელები ამჯობინებენ, რომ  ნაკრებს მწვრთნელი  ბევრი წლის მანძილზე ერთი სტრატეგიისა და კონცეფციის მიხედვით ხელმძღვანელოდეს. ყველა ეტაპზე ამ სტრატეგიამ გაამართლა და  იმ მწვრთნელებმა, რომლებმაც ბუნდესგუნდში ხანგრძლივად იმუშავეს მოახერხეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

იოახიმ ლიოვს აქვს შანსი, გახდეს ყველაზე წარმატებული მწვრთბელი ბუნდესგუნდის ისტორიაში, მით უმეტეს, რომ მან სულ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022! წლამდე გაახანგრძლივა.

WC 2018 | ზედიზედ მეორე ტიტული? გერმანიისთვის შეუსრულებელია მისია არ არსებობს

გერმანიის ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისათის, რომ მუნდიალი მოიგოს. იოხიმ ლიოვის მთავარი გამოწვევა ამისთვის ის იქნება, რომ გუნდს საჭირო მოტივაცია და ენერგეტიკა ჰქონდეს, რადგან საფეხბურთო ისტორია გვარწმუნებს, რომ ერთი და იმავე ბირთვით მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოგება თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

popsport.com