თავისუფლების მაკედონიური ნადავლი – 7 მედალი ჭაბუკთა ევროპირველობიდან

177

მაკედონიურ სკოპიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე  საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა.

გია კვინიკაძის შეგირდებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს ბაგრატ გაგნიძის (71კგ), გიორგი ჭოლაძისა (51კგ) დავლადიმერ გამყრელიძის (60კგ) მანამდე მოპოვებულ 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო შემატეს და საერთო გუნდურ ჩათვალში 140 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

კონტინენტის ვიცეჩემპიონი დავით აბდალაძე (55კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გეგელაშვილმა (48კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110კგ) ირგუნეს.

მიჯრით მოგებული ხუთი პაექრობის  შემდეგ, აბდალაძეს ფინალში უკრაინელ ოსტაპენკოსთან მოეცარა ხელი – 0:7. ნახევარფინალში გაცდილი მარცხის გამო პირდაპირ ბრინჯაოს ფინალში გადართულმა გეგელაშვილმა ბელარუს რაჰოზაუს სძლია 8:4. ნებუნიშვილმა დამამშვიდებელში უნგრელი კორსოგის 2:2-ზე დამარცხების შემდეგ, მედლისთვის შეხვედრაში თურქი დური, რომელსაც ისედაც 7:0-ს ამარცხებდა, ბეჭებზე გააკრა სუფთად. ნაკრების ყველაზე მძიმე წევრმა მანაშვილმა კი რეპეშაჟში ასევე უნგრელი ჩაბა უბორნიაკს 10:0 დამარცხების შემდეგ უკრაინელ სოვას ტუშეთი მოუმთავრა საქმე და მკერდი ბრინჯაოთი დაიმშვენა.