ოფიციალურად: ჯიჯიმ წასვლა დაადასტურა!

375

ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს “ვერონასთან” გასამართი მატჩი მის ტურინულ კარიერაში უკანასკნელი იქნება.

“ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. თან გახარებულიც ვარ და დამწუხრებულიც. წარმოიდგინეთ, რა საოცარი გზა გავიარე ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად. ეს იყო სიყვარული, რომელსაც ყოველდღე ვგრნობდი. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი საუკეთესო თვისებები გამომევლინა.

შაბათს “ვერონასთან” მატჩი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. ვამაყობ, რომ “იუვენტუსის” ნაწილი ვიყავი და ვითამაშე იმ დონეზე, როგორც ამ კლუბს ეკადრება” – განაცხადა ჯიჯიმ, რომელიც “ბებერი ქალბატონის” ღირსებას მთელი 17 წლის განმავლობაში იცავდა.

კითხვაზე, რას აპირებს მომავალში, ჯიჯიმ უპასუხა: “შემოთავაზებები მაქვს კარიერის როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ გაგრძელებაზე. გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მივიღებ”.

ლეგენდარული კიპერისადმი ინტერესს “ბოკა ხუნიორსი” და “ლივერპული” იჩენენ.