პაატა ცივაძე: ჯანსაღი საზოგადოება აშენებს წარმატებულ ქვეყანას!

646

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება.

ამ და სხვა საინტერესო და საჭირო საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა ცივაძეს დავუკავშირდით…

– პირველ რიგში, შევაფასოთ პრემიერის განცხადება…
– მინდა დიდი სიხარული დავაფიქსირო პრემიერის ამ განცხადებასთნ დაკავშირებით, რამეთუ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მართლაც უალტერნატივო საკითხია ქვეყნის განვითარებისათვის. ჩემ საჯარო გამოსვლებში არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება იმ საკითხთან, რომ ჯანმრთელი ხალხი წარმოადგენს ჯანსაღ საზოგადოებას, რომელიც აშენებს წარმატებულ ქვეყანას!!!

– დღევანდელი მონაცემებით, რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების კუთხით?
– ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა არის სავალალო. არიან თითო ოროლა ჯგუფები, რომლებიც მოჩვენებითი აქტივობებით ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის რაღაც ერთჯერადი აქციების მოწყობას, რასაც არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტში?
– პირველ რიგში, მეტი განათლებული და გამოცდილი ადამიანის ჩართვა სპორტულ ინდუსტრიაში, მარკეტინგულად მიმზიდველი ახალი სპორტული მოვლენების შექმნა. მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ფენების დაინტერესება და მოტივაციის გაჩენა. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ პრემიერს – სპორტული აქტივობებისთვის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უფრო მეტი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

– რა არის კორპორატიული სპორტის ფედერაციის მთავარი მიზანი?
– ჩვენი ფედერაციის საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს სპორტული ღინისძიებების ორგანიზების და ჩატარების ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება და დამკვიდრება. ისეთი მიმზიდველი პროდუქტების შექმნა, რომლითაც კერძო სექტორი ინტერესდება და რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი ჩაერთოს სპორტის განვითარებაში.

– როგორც უკვე ცნობილია, ფედერაცია დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა სახის გარბენს…
– ნამდვილად მასეა და ზედმეტი ტრაბახით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი #rungeorgia შედგა და დღითიდღე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2018 წელს უკვე ჩავატარეთ 6 თემატური გარბენი და წლის ბოლომდე ვაპირებთ 18 გარბენის ჩატარებას.

– სპორტისა და ტურიზმის შერწყმა…
– სპორტი და ტურიზმი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. კარგი სპორტული ღონისძიება იზიდავს უამრავ უცხოელ სტუმარს. ჩვენ მიერ დამუშავების სტადიაშია რამდენიმე პროექტი, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ დამატებითი მიზიდულობის ცენტრებად იქცევიან საქართველოში აქტიური ტურიზმის მოყვარული ადამიანების მოსაზიდად.

– რა მიზანს ისახავს სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება ლისზე, რომელიც ყოველ შაბათ–კვირას იმართება?
– ლისის ტბაზე ჩვენს მიერ განხორციელებული სპორტული აქტივობები უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს და დამატებით სტიმულს გვაძლევს, შევქმნათ უფრო მიმზიდველი სახალხო პროექტები.

– კორპორატიული სპორტის ფედერაციის მომავალი გეგმები?
– მინდა დავუბრუნდე იმას რითიც დავიწყე – პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული ახალი ინიციატივა მასობრივი სპორტის განვითარების პრიორიტეტად აღიარებაში სრულად ჯდება ჩვენი პროგრამების მიზნობრიობაში, გვაქვს სურვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით ბევრი საერთაშორისო მასშტაბის კორპორატიული შეჯიბრების ჩატარება ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ჩაბმით. დარწმუნებული ვარ, იდეალური კოოპერირება შედგება.