პრიორიტეტი – ჯანსაღი ცხოვრება!

303

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა იწყება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.

ამ ინიციასივასთან დაკავშირებით “მეტრონომი” საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის” გენერალურ მდივან, ზურაბ ბოქოლიშვილს დაუკავშირდა. ის მოხარულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტად ის საქმე იქცა, რომელიც საზოგადოებისთვის უმთავრესია და მთავრობის წამოწყება დადებითად შეაფასა.

– ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ პრემიერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას? 

ზურაბ ბოქოლიშვილი: რა თქმა უნდა, დადებითად. ეს კიდევ რბილად ნათქვამია! ყველა ჩემს გამოსვლაში მქონდა ხაზგასმული, რომ ქვეყნის გაჯანსაღება ვერ იქნება რომელიმე ცალკე აღებული, კომერციული თუ სახელმწიფო სტრუქტურის და ეს კომპლექსური პროგრამაა. მართლა ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის პრიორიტეტად იქცა საქმე რომელიც უმთავრესია!

– ბატონო ზურაბ, როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია, ამ მიმართულებით თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან. ამჟამად რას გეგმავთ?

– რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად, სპეციფიკური თანამშრომლობა გვაქვს. ერთობლივად ვამუშავებთ პროექტებს და შემდეგ ვცდილობთ, რომ ეს პროდუქტები გავხადოთ რეალურად საჭირო, მოთხოვნადი, კაპიტალიზაცია გავუკეთოთ და რაც შეიძლება ნაკლები იყოს სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა. მაგალითად, პროექტი Run Georgia, რომელიც უკვე ძალიან წარმატებულია –  წელს ჩატარდა 6 გარბენი, დაახლოებით 5000 ადამიანის მონაწილობით, 100%თ არის კერძო სექტორის დაფინანსებით.

Run Georgia არის ჩვენი ფედერაციის და პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი პროექტი.

– რა ღონისძიებები იგეგმება კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხრიდან?

– ჩვენმა ფედერაციამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა საერთო პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი, ჩვენს გეგმაში არის საერთაშორისო კორპორატიული თამაშების მასპინძლობა, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულში გაიმართება.წლევანდელ გეგმას რაც შეეხება, სრული ტემპით ვითარდება Run Georgia, მიმდინარეობს კორპორატიული საფეხბურთო ტურნირი Lisi Cup. ივნისში ჩატარდება პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში. განსაკუთრებული სექტემბერი გვექნება – კავკასიის კორპორატიული გარბენი და 28-29 სექტემბერს სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway, მსოფლიო მნიშვნელობის სპიკერატით და 300 დელეგატით სხვადასხვა ქვეყნიდან.

“მეტრონომი”