ახალი კამპანია ფაჩულიას წინააღმდეგ – მას ჰარდენის დაშავების მცდელობას აბრალებენ

376

ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის კონფერენციის ფინალში წლეულს პირველად ითამაშა, მან 5 წუთში 5 ქულას და თითო მოხსნას, პასსა და ჩაჭრას მოუყარა თავი ჰიუსტონთან 105:127 წაგებულ თამაშში.

მისთვის მიცემული მცირე დროის მიუხედავად, ზაზამ ბევრი რამ მოასწრო ამ ხუთ წუთში, მათ შორის მორიგ მცირე სკანდალში გახვევაც – ქართველ ცენტრს აბრალებენ, რომ ერთ ეპიზოდში მან განგებ დაუტოვა ფეხი ჰიუსტონის ლიდერ ჯეიმს ჰარდენს, რათა ამ უკანასკნელს ტრავმა მიეღო.

larrybrownsports.com წერს: “ჰიუსტონთან ოთხშაბათის გვარიან მარცხში ზაზა ფაჩულიამ სულ ხუთი წუთი ითამაშა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ყველაფერი სცადა.

105:127 წაგებულ შეხვედრაში ზაზამ მონაწილეობა მიიღო მორიგ საეჭვო ეპიზოდში. ვეტერანმა ცენტრმა სათამაშო დრო მაშინ მიიღო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ერთ ეპიზოდში ის ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ პერიმეტრზე თამაშობდა.

ჰარდენმა უკან დაიხია სამქულიანის სასროლად, ფაჩულია კი სეზონის MVP-ის მთავარ კანდიდატს მიუახლოვდა და, როგორც ჩანს, ზედმეტი მოძრაობა გააკეთა ჰარდენის საყრდენი ფეხის მიმართულებით.

კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ჰარდენი რამდენიმე წამში მოედნიდან შესამოწმებლად გაიყვანეს.

ასეთი ეპიზოდები მუდამ ყურადღების ცენტრშია, რადგან ფაჩულიას წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს და ხშირად ხვდება სათამაშო სკანდალებში. ასე რომ, წესით ასოციაციამ ეს ამბავი ყურადღებით უნდა გამოიძიოს”.

საკამათო ეპიზოდის ახლო კადრი
 საკამათო ეპიზოდის ახლო კადრი

შეგახსენებთ, რომ შარშან დასავლეთ კონფერენციის ფინალში ზაზათან ორთაბრძოლაში კავაი ლეონარდი სერიოზულად დაშავდა, მის გარეშე მოთამაშე სან ანტონიოს კი გოლდენ სტეიტი იოლად გაუსწორდა. მაშინ ზაზას განზრახ უხეშობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ NBA-მ მის ქმედებაში წესების განზრახ დარღვევა ვერ დააფიქსირა.