ბითაძე პირველ წრეში ? იტალიური გამოცემის ვარაუდები

373

რამდენიმე დღის წინათ NBA-ს დრაფტის ლატარეა გაიმართა და კლუბების ნუმერაცია 21 ივნისის დრაფტისთვის საბოლოოდ დალაგდა. ამის გათვალისწინებით, იტალიურმა Sportando-მ დრაფტის სავარაუდო სცენარი შემოგვთავაზა.

18 წლის გოგა ბითაძე დრაფტზე დადგა და შესაძლოა, ის NBA-ს რომელიმე გუნდმა აირჩიოს (თუ ქართველი საკუთარ კანდიდატურას 11 ივნისამდე არ მოხსნის). მედია აქამდე ბითაძეს დრაფტის მეორე წრეში აყვანას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა Sportando ამას პირველ წრეში ვარაუდობს.
საიტის აზრით, ბითაძეს პირველ წრეში 26-ე ნომრად ფილადელფია სიქსერსი აირჩევს:

“ბრაიან კოლანჯელოს დიდად არ სჭირდება დრაფტზე ორი ახალბედის დამატება (ამისთვის გუნდს განაცხადში ადგილიც არ აქვს). გასულ წელს მან აჩვენა, რომ არაამერიკელ ტალანტებს ფილადელფიას ბოსი სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ ბითაძე ევროპაში ყველაზე დამაინტრიგებელი კალათბურთელია დონჩიჩისა და მუსას შემდეგ.

მან ადრიატიკის ლიგაში ისეთი სტატისტიკა აჩვენა, როგორიც გასულ წელს იუსუფ ნურკიჩმა. ერთი განსხვავებით, ბლეიზერსის ცენტრი მაშინ 20 წლის იყო, ბითაძე კი მხოლოდ 18 წლისაა. თანაც, ეს უკანასკნელი ფარქვეშ ბრძოლაში უკეთესი ჩანს.

ის თამაშის სტილით ფრანგ ალექსი აჯინსას (ნიუ ორლეანსი) ჰგავს.

სხვათა შორის, იტალიური საიტი ერთადერთი წყარო არ არის, რომელიც გოგას სავარაუდო ნავსაყუდელად ფილადელფიას მიიჩნევს, ამავე აზრზეა ცნობილი ანალიტიკური საიტი Bleacher Report. ერთი განსხვავებით, მას ბითაძის არჩევა მეორე წრის ბოლოსკენ უფრო რეალურად ეჩვენება.

წყარო: popsport.com