საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ისევ დაწინაურდა

297

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში წინსვლას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ აპრილ-მაისში არ უთამაშია, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაისის განახლებულ რეიტინგში წინ კიდევ ერთი საფეხურით წაიწია და ახლა 362 ქულით 95-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი წინსვლა აპრილის რეიტინგში ჰქონდა, როდესაც მარტში წარმატებით ჩატარებული ამხანაგური მატჩების (ლიტვასა და ესტონეთთან) წყალობით, ერთბაშად 5 საფეხურით დაწინაურდა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ასეულში შეაღწია (96).

საქართველოს ნაკრებს წინსვლის გაგრძელების შანსი ფიფას მორიგ, ივნისის რეიტინგშიც ექნება. საქართველოს ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს გეგმავს – მალტასა (1-ელ ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს).

რაც შეეხება ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობას მაისის რეიტინგში, მათგან ყველაზე მაღალ პოზიციას ყაზახეთი ინარჩუნებს, რომელიც წინა თვესთან შედარებით 2 საფეხურით დაწინაურდა და 117-ეა. 132-ე პოზიციაზე რჩება ანდორა, ხოლო 133-ზე – ლატვია (ახალ ზელანდიასთან ერთად).

ფიფას რეიტინგის პირველ ათეულში, წინა თვესთან შედარებით, ცვლილება არ მომხდარა. ლიდერი კვლავაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამე კი – ბელგია.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. გერმანია – 1544 ქულა
2. ბრაზილია – 1384
3. ბელგია – 1346
4. პორტუგალია – 1306
5. არგენტინა – 1254
6. შვეიცარია – 1179
7. საფრანგეთი – 1166
8. ესპანეთი – 1162
9. ჩილე – 1146
10. პოლონეთი – 1118.

popsport.com