”ქევხიშვილს უამრავი დანაშაული აქვს” – გველესიანის ბრალდებები პრეზიდენტს

315

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი Facebook-ის პირად გვერდზე დავით ქევხიშვილის მისამართით კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ქევხიშვილმა ზედაზენის თასზე გამარჯვებულებს კუთხვნილი პრემია არ მისცა. გველესიანის თქმით ქევხიშვილსა და მის სამეგობრობს უამრავი დანაშაული აქვთ.

”ქევხიშვილი სამეგობროსთან ერთად ქართულ ძიუდოს ანგრევს, თუმცა ქევხიშვილი ამირანივით სკამს მიეჯაჭვა. გასულ წელს ზედაზენის თასზე გამარჯვების შემდეგ თანხა, რომელიც გვეკუთვნოდა, დაიკარგა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დარბაზი დაღლილებმა დავტოვეთ. მეორე დღეს სავარჯიშოდ მივედით და გვითხრეს, რომ დილით ვარჯიში გქვონდა და არ გამოვცხადდით. მათ ასევე თქვეს, რომ სასჯელის სახით მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით. როცა თანხა მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ვისაც თანხა სურს, აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო. გარდა ამისა იმითაც დამსაჯეს, რომ იაპონური შეკრება არ დამიფინანსეს” – აღნიშნა გიორგი გველესიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა გადადგეს პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.