ზურაბ ბოქოლიშვილი: ვიყოთ აქტიურები!

497

საქართველოს კორპორატიულმა სპორტის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი პროექტი და გეგმები წარუდგინა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ ბოქოლიშვილი იქნება.

– ორგანიზაციამ ახალი პროექტი წარადგინა. რას გვეტყვით უფრო დეტალურად?
– პროექტი “დაიბრუნე შენი ქუჩები” #takebackyourstreets მიზნად ისახავს ღია, ავტომობილებისგან თავისუფალ სიცრცეებში სპორტული აქტივობების გამართვის გზით წაახალისოს მოსახლეობის ჩართულობა. ეს არის ევროკავშირის პროექტი და წელს უკვე თბილისიც მისი ნაწილი გახდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამშენებლო კომპანია “დირსის” ხელმძღვანელობას, რადგან მათ სრულად დაუჭირეს პროექტს მხარი და პირველი ღონისძიება 27 მაისს, საღამოს 20 საათზე მათ საცხოვრებელ კომპლექსში გაიმართება, რომელიც სრულად შეესაბამება ჯანსაღი ცხოვრების სტილს.

– თქვენი ფედერაციის აქტიურობა მართლაც თვალშისაცემია. სახელმწიფომ პრიორიტეტად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია გამოაცხადა. თქვენი გეგმები ამ კონტექსტში?
– მართლაც სასიხარულოა, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ასეთი გზავნილია, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტს ვისურვებდი. ეს მეტი პირადი მაგალითებია, არც ერთ პროგრამას ან დეკლარირებას არ ექნება პირად ჩართულობაზე მეტი ეფექტი. ვთხოვ მთავრობას, მედიას, ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს – ჩვენი მაგალითით მივცეთ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი.

– ფედერაციის უახლოესი გეგმები…
– ჩვენი გეგმები ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. წარმატებით გრძელდება პროექტი “ირბინე საქართველო”, ტარდება კორპორატიული თამაშები ფეხბურთსა და ჭადრაკში, ვემზადებით ჩვენი ტრადიციული კონფერენციისთვის, რომელიც წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება.

– ცნობილია, რომ ფედერაცია დიდ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა სახის გარბენს…
– მზადების პროცესშია გარბენების უნიკალური სერია, რომლებიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აგრეთვე ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ე.წ. “მრგვალი მაგიდის ფორმატს” ბიზნეს სტრუქტურებთან ერთად, სადაც კორპორატიული სპორტის განვითარებაზე ვისაუბრებთ.

– სექტემბერში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, სპორტული ტურიზმისა და მარკეტინგის კონფერენცია გაიმართება. თუ შეიძლება, უფრო დეტალურად კონფერენციის შესახებ, თემატიკა, სპიკერატი…
– სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway წელს უკვე მეორედ გაიმართება 28-29 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში. მინდა სიამაყით აღვნიშნო სპიკერატის უმაღლესი დონე: ჩინეთის ჯანმრთელობის და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, ყატარის პრინცესა, რომელიც მომდევნო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი გახლავთ, დუბაის სპორტული კონსულატის გენ მდივანი, კომპანიების Blue Rock, Fight Nights, Eventica, Spn Communications, Iron Star… ეს დადასტურებული სპიკერატის არასრული სიაა, ველოდებით 300–მდე დელეგატს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთანაც ერთად ვისაუბრებთ აქტიური ტურიზმის ტრენდებზე, პერსპექტივებზე, ახალი ბრენდირებული მოვლენების შექმნაზე, ტერიტორიული მარკეტინგის პრინციპებზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხებზე.

– როგორი სიტუაციაა დღეს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების კუთხით?
– სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს ამ მხრივ ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ასე ვიტყვი, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა ვიაქტიუროთ. ეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.