სფფ–მ საგარეჯოში ახალი სტადიონი გახსნა

561

კიდევ ერთი ახალი სტადიონი კახეთში – ლაგოდეხის შემდეგ ახალი არენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგარეჯოში გახსნა.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ “გარეჯისა” და “ლიახვის” შეხვედრა გაიმართა, მატჩის დაწყებამდე კი გუნდების კაპიტნებმა საქართველოს დროშა ქვეყნის ჰიმნის ფონზე აღმართეს.

Sporti.ge სფფ–ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ესაუბრა:

“კახეთის რეგიონისთვის სტადიონების გახსნა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ ზოგადად ფეხბურთი არასახარბიელო მდგომარეობაშია. ორმაგად სასიხარულოა, რომ ლაგოდეხის შემდეგ უკვე საგარეჯოში გაიხსნა ახალი სტადიონი, მშვენიერი მინდორი, რომელიც ხელს შეუწყობს არამარტო ადგილობრივი გუნდის წარმატებას, არამედ ახალგაზრდა თაობას გაზრდას. ეს ერთ–ერთი მორიგი პროექტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის განვითარებისთვის მიმდინარეობს. არამარტო ფეხბურთი, ზოგადად სპორტში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი. საზოგადოებას მომავალში კიდევ ბევრ ასეთ სიახლეს შევთავაზებთ. დიდი მადლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს – მათი მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაკეთდა ეს ყველაფერი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ხშირად შევთავაზოთ ახალგაზრდა თაობას ახალი ინფრასტრუქტურა”.

ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელია: “სტადიონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ენერგია ბავშვმა სწორედ მანდ უნდა დახარჯოს. თუკი ეს ასე არ მოხდება, ერისთვის ძალიან ცუდი იქნება, რისი გამოვლინებაც ვნახეთ სულ რაღაც ერთი კვირის წინ, როცა ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა აქციაზე, რომლებიც ითხოვდნენ თავისუფალ ცხოვრებას, ეს კი ნარკოტიკის თავისუფლად გაყიდვასა და მოხმარებას გულისხმობს, რაც ჩვენ რეალობაში ერის დეგრადაციის უმაღლესი დონეა. რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტადიონების მშენებლობა – თქვენ თავად ნახეთ, როგორ იყო სავსე ჯერ კიდევ გაუკეთებელი ტრიბუნები.

მადლობა ღმერთს, რომ წელს ძალიან ბევრი ახალი სტადიონი გაიხსნება. ერთ–ერთი იქნება ზუგდიდში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი; ფოთში მეორე კატეგორიის სტადიონი, წყალტუბოსა და ბოლნისის მეორე კატეგორიის არენები; ამბროლაურში ერთბაშად ორი მოედანი გაიხსნება და თან, მოგეხსენებათ, ამბროლაური საკურორტო ზონაა და ახლა აეროპორტიც კი გაკეთდა, რისი წყალობითაც გუნდების შეკრებები იქნება შესაძლებელი. ასევე სიაშია ჭიათურაც და რა თქმა უნდა, თბილისი, სადაც 4 ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. მიუხედავად უამრავი სტადიონის დანგრევისა, მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან სტადიონების გარეშე არამარტო ბავშვთა ფეხბურთის, არამედ ქვეყნის განვითარებაა შეუძლებელი”.