ბარსელონა 2006 – სად არიან ახლა?

262

პეპ გუარდიოლას გენიალურ “ბარსელონამდე” და MSN–ის ტრიომდე 2006 წლის ფრანკ რაიკაარდის “ბარსელონა” იყო, რომელიც არანაკლებ გენიალურ, რომანტიულ და ლამაზ ფეხბურთს გვთავაზობდა. მაშინ ლეო მესი ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ და საუკეთესო შემთხვევაში ჯადოქარი რონალდინიოს ასისტენტის როლით კმაყოფილდებოდა.

2006 წელს “ბარსა” ფინალში სკანდარულად გავიდა, რადგან “კამპ ნოუზე” განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “მილანის” ფორვარდ ანდრეი შევჩენკოს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. გადამწყვეტი დაპირისპირება “ბლაუგრანამ” პარიზში “არსენალის” წინააღმდეგ 2:1 მოიგო.

ვნახოთ, რა ბედი ეწიათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მაშინ კატალონიურ გრანდში ირიცხებოდნენ…

ვიქტორ ვალდესი. მაშინ: 24 წლის. ახლა: 36 წლის.

მაშინ ვალდესი თავის მე–6 სეზონს ატარებდა. ესპანელი მეკარე ხშირად იყო კრიტიკის ქარ–ცეცხლში, რადგან უშვებდა ბავშვურ შეცდომებს და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც 14 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. სწორედ 2006 წლის ფინალის ერთ–ერთი მთავარი გმირია ვალდესი, რომელმაც ტიერი ანრისა და კომპანიას არაერთი რთული ბურთი აუღო. “ბარსადან” წასვლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ბელგიურ “სტანდარტში” და “მიდლსბროში” იყო. კარიერა 2017 წელს დაასრულა, ახლა კი რაულთან, ჩავისთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად სამწვრთნელო კურსებზე დადის.

კარლეს პუიოლი. მაშინ: 28 წლის. ახლა: 40 წლის.

“ბარსას” სული და გული, კაპიტანი, ლიდერი, ქარიზმატული კარლესი. მისი ამ თვისებების გამო პუიოლს დღემდე ბევრი აფასებს. კარიერის დასრულების შემდეგ აგენტი გახდა და მალევე გააფორმა კონტრაქტი მარკ ბარტრასთან. ასევე ერიკ გარსია, რომელიც “ლა მასიის” ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, “მანჩესტერ სიტიში” გადაიყვანა.

რაფაელ მარკესი. მაშინ: 27 წლის. ახლა: 39 წლის.

პუიოლის მეწყვილე დაცვის ცენტრში, რომლის ტრანსფერიც “ბარსას” “მონაკოდან” სულ რაღაც 5 მილიონი ევრო დაუჯდა. ჰქონდა გრძელი პასის უმაღლესი კულტურა და ერთნაირად პროდუქტიული იყო როგორც დაცვის ცენტრში, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მარკესმა აპრილში საკლუბო კარიერა დაასრულა. იგი “ატლასში” ასპარეზობდა, საიდანაც დაიწყო კიდეც კარიერა. მექსიკის ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული და შევიდა ისტორიაში, როგორც ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს 4 მუნდიალის განმავლობაში კაპიტნობდა. ამჟამად რუსეთის მუნდიალისთვის ემზადება.

ოლეგერი. მაშინ: 26 წლის. ახლა: 38 წლის.

მცველი, რომელიც “ბარსაში” 2004/05 წლების სეზონიდან გაიხსნა, როცა კლუბმა 6–წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო პრიმერადივიზიონი. მარჯვენა ფლანგზე ოლეგერის კონკურენტი ჯულიანო ბელეტი იყო და მოედანზე სწორედ მაშინ გამოდიოდა, როცა დაცვა შეტევაზე ოდნავ მნიშვნელოვანი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ სწავლას შეუდგა და ეკონომიკის საკითხებში სპეციალური დიპლომიც აიღო. გარდა ამისა, გატაცებულია პოლიტიკით და “რადიკალური მემარცხენეთა პარტიის” სახელით კატალონიის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

ჯოვანი ვან ბრონკხორსტი. მაშინ: 31 წლის. ახლა: 43 წლის.

მარცხენა მცველი, რომელიც შეტევაში გასაფრენად ყოველთვის მზად იყო. 4 წლის განმავლობაში “ბარსელონას” პრობლემურ ზონაში დამაჯერებლობა მოუტანა. ამჟამად “ფეიენოორდის” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც გაჩნდა ხმები, რომ ერთ დღესაც ჯოვანი “ბარსას” ჩაიბარებს.

ჯულიანო ბელეტი. მაშინ: 28 წლის. ახლა: 41 წლის.

საკმაოდ ტექნიკური ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დანი ალვეშს. სწორედ ბელეტიმ გაიტანა გადამწყვეტი გოლი პარიზულ ფინალში და კატალონიელებს ნანატრი თასი მოუტანა. შემდეგ “ჩელსიში” გადავიდა და არც იქ უასპარეზია ცუდად. 2016 წელს ბრაზილიური “კურიტიბას” დირექტორი გახდა საერთაშორისო საკითხებში, ერთი წლის შემდეგ კი “ბარსას” ელჩად იქცა. არის საუბრები, რომ შესაძლოა, “ჩელსის” სპორტული დირექტორი გახდეს.

მარკ ვან ბომელი. მაშინ: 29 წლის. ახლა: 41 წლის.

ნახევარმცველი, რომლისაც ყველას ეშინოდა. ჰოლანდიელი “ბარსაში” ზუსტად 2005 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო ხშირად ვერ თამაშობდა და უკვე მომდევნო ზაფხულს კონტრაქტი მიუნხენის “ბაიერნთან” გააფორმა, კარიერა კი “მილანში” დაასრულა. ამჟამად ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბერტ ვან მაარვიკის თანაშემწეა.

ედმილსონი. მაშინ: 29 წლის. ახლა: 41 წლის.

იგი ბრაზილიიდან “ბარსამ” 10 მილიონ ევროდ სწორედ 2005 წლის ზაფხულში შეიძინა და იმ სეზონშივე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. არაერთი შეხვედრა ჩაატარა როგორც ნახევარდაცვაში, ისევე დაცვაში, თუმცა 2008 წელს კონტრაქტი უკვე “ვილიარეალთან” გააფორმა. ამჟამად ერთ–ერთი ბრაზილიური არხის კომენტატორია.

ტიაგო მოტა. მაშინ: 23 წლის. ახლა: 35 წლის.

ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც შემტევი სტილის გუნდს მოედნის ცენტრში დამაჯერებლობას მატებდა. მოტა ახლაც თამაშობს და პსჟ–ს ღირსებას იცავს.

ჩავი. მაშინ: 26 წლის. ახლა: 38 წლის.

პეპ გუარდიოლას სტილის მოთამაშე, რომელმაც “ბარსელონას” დირიჟორობა მომდევნო 10 წლით იტვირთა. იმ სეზონში მუხლის ტრავმის გამო ხშირად ვერ თამაშობდა. ამჟამად იოჰან კრუიფის გარდაცვალების შემდეგ კატალონიის მთავარი ფილოსოფოსია და ხშირად გამოდის პრესაში ექსპერტის როლში. გარდა ამისა, ყატარის “ალ სადში” ერთობა და ჩვეული გადაცემების კეთებას აგრძელებს.

ანდრეს ინიესტა. მაშინ: 22 წლის. ახლა: 33 წლის.

ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმველი, რომელიც გუნდში თავის მეორე სრულფასოვან სეზონს ატარებდა. ინიესტა ტალანტს თავიდანვე ამტკიცებდა, როცა რონალდინიოსა და ეტოოს დიდებული გადაცემებით ამარაგებდა. სულ ცოტა ხნის წინ “ინიმ” კატალონიური ერა დაასრულა.

რონალდინიო. მაშინ: 26 წლის. ახლა: 38 წლის.

გენიოსი, ჯადოქარი, ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი – რონალდინიომ მაშინ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. სწორედ 2005 წლის ნოემბერში იყო ცნობილი შოუ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, როცა მეტოქე გუნდის გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს. ამჟამად “ბარსას” ელჩია, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობს და ცხოვრებით ტკბება.

დეკუ. მაშინ: 28 წლის. ახლა: 40 წლის.

ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ 21–ე საუკუნეში პორტუგალიის მთავარი ვარსკვლავი. დაყენებული დარტყმა, პასის კულტურა, კრეატიულობა – დეკუს ეს თვისებები გუნდს ძალიან ეხმარებოდა. ამჟამად საქველმოქმედო საქმიანობებითაა დაკავებული.

ლიუდოვიკ ჟიული. მაშინ: 29 წლის. ახლა: 41 წლის.

ფრანგმა 2004/05 წლების სეზონი “ბარსას” მეორე საუკეთესო ბომბარდირის როლში დაასრულა, მომდევნო სეზონში კი კატალონიელები ფინალში სწორედ მისმა გოლმა გაიყვანა. გარდა ამისა, ფინალურ მატჩში იენს ლემანის გაძევებაში უდიდესი როლი ითამაშა. ამჟამად BN Sport–ზე ანალიტიკოსად მუშაობს.

ლეო მესი. მაშინ: 18 წლის. ახლა: 30 წლის.

18 წლის ვუნდერკინდი, რომლისგანაც ყველა ბევრს ელოდა, მაგრამ ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ლეო ასეთ დონეზე იქნებოდა.

სამუელ ეტო’ო. მაშინ: 25 წლის. ახლა: 37 წლის.

“ბარსას” მთავარი თავდამსხმელი, რომელსაც გენიალური გადაცემების შედეგად უამრავი გოლი გაჰქონდა. ამჟამად თურქეთში “კონიასპორის” ღირსებას იცავს.

ჰენრიკ ლარსონი. მაშინ: 34 წლის. ახლა: 46 წლის.

ზლატან იბრაჰიმოვიჩამდე მთავარი შვედი ვარსკვლავი. იმ დროს უკვე ასაკში იყო, მაგრამ გოლების გატანას არცთუ იშვიათად ახერხებდა. 2016 წლამდე “ჰელსინგობრგს” ავარჯიშებდა, ახლა კი ახალ გამოწვევებს ელის. როგორც თავად თქვა, პრემიერლიგაში მუშაობა სურს.

ფრანკ რაიკაარდი. მაშინ: 43 წლის. ახლა: 55 წლის.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომლის დამსახურებითაც “ბარსამ” ისტორიაში მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2016 წელს მოულოდნელად სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.