,,ჩელსის” იტალიური ისტორია გრძელდება ?

594

მაურიციო სარი ლონდონის ჩელსის უახლოვდება – 59 წლის იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თანამემამულე ანტონიო კონტეს შეცვლის.

იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ნაპოლის ყოფილი თავკაცის წარმომადგენლებთან ლონდონში 7-საათიანი მოლაპარაკებები გამართა. როგორც ირკვევა, ჩელსი თანახმაა, მაურიციო სარის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩააბაროს – გაუფორმოს 2-წლიანი კონტრაქტი და გადაუხადოს 6 მილიონი ევრო წელიწადში.

ამასთან, ჩელსის პირგასამტეხლო თანხის – 8 მილიონი ევროს გადახადა ნაპოლისთვის მოუწევს. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე კარლო ანჩელოტის მიწვევის მიუხედავად, სარის ნეაპოლელებთან კონტრაქტი აკავშირებს.

პირველ რიგში კი, ჩელსის შეთანხმების მიღწევა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ანტინიო კონტესთან მოუწევს – სავარაუდოდ კლუბი სპეციალისტს კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის 11 მილიონ ევროს გადაუხდის.

ვის წაიყვანს მაურიციო სარი ლონდონში

მედია უკვე იმ ფეხბურთელებზე წერს, რომლებსაც დანიშვნის შემთხვევაში მაურიციო სარი ჩელსიში მიიყვანს.

Il Bianconero-ს ინფორმაციით, მაურიციოს ლონდონური გუნდის თავდასხმის ხაზის გაძლიერება იუვენტუსის ფორვარდით გოსნალო იგუაინით სურს. მწვრთნელი არგენტინელს 2015/16 წლების სეზონში ნაპოლიში ერთად მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს.

ტრანსფერის სავარაუდო ფასად დაახლოებით 55 მილიონი ევრო სახელდება, ოღონდ, გარიგებაში შეიძლება ჩელსის ფორვარდი ალვარო მორატაც ჩაერთოს. ეს უკანასკნელი იუვენტუსში 2014-2016 წლებში გამოდიოდა.

არსებული ინფორმაციით, სარის ლონდონში ნაპოლის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის მიწვევაც სურს. საუბარია 32 წლის ესპანელ მცველ რაულ ალბიოლზე, 24 წლის ალბანელ მცველ ელსეიდ ჰიუსაისა და 24 წლის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკიზე.

ლონდონის ჩელსიმ პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს.

ანტონიო კონტემ ამ სეზონში გუნდთან ერთად მხოლოდ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.

მაურიციო სარი ნაპოლიმდე ემპოლის წვრთნიდა, რომელიც სერია B-იდან A-ში გადაიყვანა. მწვრთნელს ჯამში 18 იტალიურ კლუბში უმუშავია, საზღვარგარეთ კი – არასდროს.

წყარო: popsport.com