მიხეილ დავითაშვილი: ერთი შეხედვით მარტივი წარმატებაა, მაგრამ ძალიან რთული იყო ამ შედეგის მიღება!

374

აპრილში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა კეიპტაუნში გამართული მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და მომავალ წელს უკვე მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

ეს ქართულ რეალობაში ერთი შეხედვით უცნაური ფაქტია, მაგრამ ქართველი სპორტსმენების წარმატება ნებისმიერ სახეობაში ძალიან გვახარებს.

Sporti.ge–ს სტუმარი ნაკრების ერთ–ერთი მოთამაშე და ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ დავითაშვილია.

– როგორი გრძნობაა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონობა?
– სასწაული გრძნობაა! მით უმეტეს, როცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩართული ხარ სპორტის ამ სახეობაში. რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა გუნდთან წაგებული გვაქვს დიდი ანგარიშით და დღეს ვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონს და ვწინაურდებით მე-2 ა დივიზიონში. ამაზე უკეთესი განცდა არ შეიძლება სპორტის თვალსაზრისით ამ ეტაპზე ჰქონდეს სპორტსმენს.
 

– რამდენად რთული იყო ეს ნაკრებისთვის?
– საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა გამოიარა ძალიან რთული გზა ამ მიზნის მისაღწევად: წარსულში დიდი ანგარიშით განცდილმა მარცხებმა, უამრავმა პრობლემამ, სრულყოფილი ინფრასტრუქტურის უქონლობამ(მოგახსენებთ, რომ საქართველოში გვაქვს 3 სტანდარტული ზომის მოედანი, ერთი ბაკურიანში, ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთიც ბათუმში და ეს უკანასკნელი ფუნქციონირებს სრულყოფილად. ზუგდიდში დგას აგრეგატი, რომელიც ყინავს მოედანს, მაგრამ სამწუხაროდ, დროებით დაკეტილია იქ მდებარე ყინულის მოედანი; ბაკურიანში უაგრეგატო ყინულის მოედანია, რომელიც ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხერხდება ყინულის მოედნის გაკეთება, როდესაც ყინვაა. თბილისსა და ქუთაისში არის სტანდარტული ზომის მესამედი ყინულის მოედანი, რომელიც ასევე აგრეგატით იყინება და აქვე მინდა აღვნიშნო, სამწუხაროდ, ქუთაისის ყინულის მოედანი დროებით აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის გამო არ ფუნქციონირებს) არ გატეხა ენთუზიაზმით სავსე ქართველი ჰოკეისტები და საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო მაქსიმუმის გაკეთება – რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი მოცემული პირობებიდან გამომდინარე. ერთი შეხედვით, შეიძლება, მარტივად მოგვეჩვენოს საქართველოს ეს წარმატება, მაგრამ ძალიან რთული იყო ამ შედეგის მიღება ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე.
 

– რეალურად რომ ვთქვათ: ელოდით ამ შედეგს?
– რეალურად რომ ვთქვათ ველოდით ამ შედეგს. ენთუზიაზმმა, შრომისმოყვარეობამ და ეროვნული ნაკრების წევრების მიერ საქმის მიმართ პროფესიონალურმა მიდგომამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მოგვცვა იმის გაფიქრების საშუალება, რომ წელს შეიძლება პირველი ადგილი დაგვეკავებინა.

 

– რამდენად დიდი იყო კონკურენცია?
– ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს აქვს თავისი სპეციფიკა. მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ყოველ წელს და დაყოფილია დივიზიონებად. წარსულში მე-3 დივიზიონს როგორც წესი იგებდა ის გუნდი, რომელიც ჩამოქვეითდებოდა მე-2 დივიზიონიდან მე-3 დივიზიონში, ეს გუნდები ძირითადად იყვნენ თურქეთი და ბულგარეთი, ბოლო წლებია ეს ტრადიცია ირღვევა და კონკურენციაც იზრდება, წინა წელს მე-3 დივიზიონში პირველი ადგილი მოიპოვა და მე-2 დივიზიონში დაწინაურდა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები, რომელიც სამწუხაროდ, წელს ისევ ჩამოქვეითდა მე-3 დივიზიონში. წელს უკვე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა მე-2 დივიზიონის საგზური და მომავალ წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ დავრჩეთ მე-2 ბ დივიზიონში, არამედ საპრიზო ადგილიც დავიკავოთ. წლებთან ერთად გუნდები აგროვებენ გამოცდილებას, რაც საგრძნობლად ზრდის კონკურენციას.
 

– ვის გამოარჩევდით ჩვენი ნაკრებიდან?
– ჩვენს გუნდში არის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც ინდივიდუალურად შეუძლია გადაწყვიტოს თამაშის ბედი, მაგრამ ყინულის ჰოკეი არის გუნდური სპორტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ თამაშზე იგრძნობოდა გუნდურობა. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიჭირდება კონკრეტულად რომელიმე თამაშის გამორჩევა, თითოეული ჩვენს მიერ გატანილი გოლი იყო გარკვეული კომბინაციის შედეგი.
 

– ზოგადად, რამდენად პოპულარულია საქართველოში ყინულის ჰოკეი?
– მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ყინულის ჰოკეის არსებობის შესახებ ბევრმა ჩვენი წარმატების შემდეგ გაიგო. ამ დროისთვის სპორტის ეს სახეობა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მომავალში პოპულარობა გაიზრდება.
 

– რა კეთდება სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის?
– სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად, უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ შევიძინოთ რაც შეიძლება მეტი ეკიპირება, რათა სპორტის ამ სახეობაში სავარჯიშოდ მოსული ბავშვისთვის არ მოგვიწიოს უარის თქმა ეკიპირების უქონლობის გამო, რაც შეგვიქმნის მასობრივობის პრობლემას. სპორტის ამ სახეობის განვითარების შემდეგი ეტაპი მწვრთნელების და მოთამაშეების კვალიფიკაციის ამაღლებაა. თუ საჭირო გახდა და რა თქმა უნდა, ასევე გვექნება ამის საშუალება, უნდა მოვიწვიოთ უცხოელი მწვრთნელები, რადგან ბავშვებში უფრო დავხვეწოთ ყინულზე სრიალის ტექნიკა.
 

– თუ არის რაიმე სპეციალური სკოლა, სადაც დაინტერესებულ ბავშვებს ვარჯიში შეეძლებათ?
– ამ მომენტისთვის არ არსებობს სპეციალური სკოლა, მაგრამ არსებობს სავარჯიშო ჯგუფები და ვარჯიშები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ადგილში: თბილისში ვარჯიშობს დაახლოებით 100 ბავშვი; ბაკურიანს ჰყავს დაახლოებით 60 ბავშვი; ქუთაისში ყველაზე მეტი 200 ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ქუთაისის ყინულის მოედანი არ ფუნქციონირებს აგრეგატის გაუმართაობის გამო და ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოგვარდება ეს პრობლემა. ბათუმში ვარჯიშობს 50–მდე ბავშვი და როგორც ვიცით, ზუგდიდის ყინულის მოედანზეც, როგორც კი დაიწყებს ფუნქციონირებას, შეიქმნება ყინულის ჰოკეის ჯგუფები. ასევე დაგეგმილია სტანდარტული ზომის მოედნების მშენებლობა თბილისში, ბაკურიანში და ბათუმში(ბათუმში უკვე დაწყებულია მშენებლობა), რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში ვიფიქროთ ყინულის ჰოკეის სკოლის შექმნაზე.
 

– რა განსხვავებაა ყინულის ჰოკეისა და ბალახის ჰოკეის შორის?
– დავიწყებ იქედან, რომ ბალახის ჰოკეის მოედნის სტანდარტი უფრო დიდია, ვიდრე ყინულის ჰოკეის სტანდარტი. ბახალის ჰოკეის თამშობენ 11-11–ზე, ხოლო ყინულის ჰოკეის 5-5-ზე, დამატებით თითო მეკარე (საერთო ჯამში 6-6-ზე). შეიძლება, ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ყინულის ჰოკეი ბევრად უფრო დინამიური და ბევრად უფრო სანახაობრივი სპორტია. ასევე ყინულის ჰოკეის სათამაშოდ გჭირდებათ სხვადასხვა სახის ეკიპირება: ესაა საიდაყვეების და სამუხლეების დამცავები და ა.შ. ხოლო ბალახის ჰოკეი შეიძლება, მხოლოდ ბუცებით და „ყვანჯით“ (ჰოკეის ჯოხი) შემოიფარგლოს.
 

– სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…
– სამომავლო გეგმებში უპირველეს ყოვლისა, შედის ეროვნული ჩემპიონატის 2018-2019 სეზონის სრულყოფილად ჩატარება, რისთვისაც ვეძებთ სპონსორებს. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონში დარჩენა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რათა შევძლოთ 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის ქალაქ ბათუმში, ახლად აშენებულ არენაზე ჩატარების უფლების მოპოვება, რაც ვფიქრობთ, საგრძნობლად გაზრდის სპორტის ამ სახეობის პოპულარობას ჩვენს ქვეყანაში და ბავშვების ჩართულობაც გაიზრდება.