თითქოს, არც დაუსვენიაო…

1175

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ანდრეას კიოპკე დარწმუნებით აცხადებს, რომ კვირას 2 ივნისს ავსტრიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს მანუელ ნოიერი.

მანუმ ორშაბათს გერმანიის 20–წლამდე ნაკრებთა წინააღმდეგ ბოლო 30 წუთი უპრობლემოდ ითამაშა.

“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვინც ნოიერის ვარჯიში ნახეთ, დამეთანხმება, რომ საოცარ ფორმაშია. თითქოს, არც დაუსვენიაო – მოძრაობა, გადაადგილება, სისწრაფე, პლასტიკა… ყველაფერი თავის ადგილზეა! ახლა მანუელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება” – აცხადებს კიოპკე.

კიოპკემ მარკ–ანდრე ტერ შტეგენზეც ისაუბრა: “გასულ წელს კონფედერაციის თასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, წელს კი “ბარსელონაში” დიდებული სეზონი ჰქონდა და ნამდვილად დაიმსახურა მუნდიალზე თამაში, მაგრამ თვითონ მარკმაც იცის, რომ როცა მანუელი ჯანმრთელადაა, განსაკუთრებული ვითარებაა”.

გერმანიის ნაკრები იტალიაში 5 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი იოახიმ ლიოვი საბოლოო 23 ფეხბურთელთა სიას დაასახელებს, რომელთაც რუსეთში წაიყვანს.