დავით ქევხიშვილის გზავნილი: ლუი ვაიდენბოში ახალგაზრდა ძიუდოისტებს აკვირდება

1080

ქართულ ძიუდოში რთული ვითარებაა. საქართველოს ძიუდოს ნაკრები პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ითხოვს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას, თუმცა ეს უკანასკნელი პოსტის დატოვებას არ აპირებს.

როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, დავით ქევხიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს.

კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და დაასკვნა, რომ დავით ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობა არაა.

ლუი ვაიდენბოში ვარჯიშზე

მიხეილ გიორგაძის თქმით, იყო ერთი უმნიშვნელო შეცდომა, რაზეც ფედერაციამ რეკომენდაცია მიიღო, ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს გამო კი ქევხიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ეროვნული ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას აპირებს.

ნაკრების ახალი მწვრთნელი დიდი ალბათობით ლუი ვაიდენბოში იქნება, რომელმაც ძიუდოს ფედერაციის აღმასკომს თავისი ხედვა გააცნო და დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იუწყება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ლუი ვაიდენბოში ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების ვარჯიშებს დაესწრო. ფედერაციამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

დავით ქევხიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ეროვნულ ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი დააკომპლექტებს.

ქევხიშვილის თქმით, ნაკრების დაკომპლექტების პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება იმათ, ვინც პროტესტის ნიშნად ვარჯიშზე და შესაბამისად, ნაკრებში ასპარეზობაზე უარს ამბობს, ეს მათი არჩევანია.