“დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს”

472

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელიაცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან მისი თქმით, ქევხიშვილმა განაცხადა, რომ დარღვევის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.

ამასთან, ხაბარელი ქევხიშვილის მხარდამჭერებს ურჩევს, მის დაცვას თავი დაანებონ.

ხაბარელი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს ქევხიშვილის დამცველში. კითხვაზე, დგას თუ არა ქევხიშვილის უკან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პასუხობს, რომ “ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს”.

“სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს. ის ადამიანი, ვინც იცავს, არასწორს აკეთებს. მოვუწოდებ, რომ არასწორ დაცვას თავი დაანებოს. რაც შეეხება დასკვნას, სპორტის მინისტრს არც იმის თქმის უფლება აქვს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგესო და არც იმის, რომ არ უნდა გადადგეს.

მინისტრმა თქვა, რომ საკითხი შეისწავლა, მეხუთე პუნქტის დარღვევები გამოვლინდა, როცა მან მწვრთნელები თანამდებობიდან გადააყენა. კომისიამ აღნიშნა, რომ ეს დარღვევა იყო. ფინანსური მანიპულაცია მოხდა, მწვრთნელებს “ატკატი” უკან მიჰქონდათ, თავად კი ამბობს, შეთანხმება იყოო.

არანაირი შეთანხმება და ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული. კომისიამ აღნიშნა, რომ ესეც დარღვევაა. ფაქტობრივად, ეს იმის აღიარებაა, რაც ქევხიშვილმა თქვა. მან აღნიშნა, რომ თუ კომისია ერთ დარღვევას აღმოაჩენდა, თანამდებობას დატოვებდა.

მინისტრმა ცალსახად თქვა, რომ დარღვევა იყო. ანუ უნდა გადადგეს. სიტყვას ფასი აქვს, მით უმეტეს, კაცებში, მოჭიდავეებსა და სპორტში. ვხედავთ, როგორ ჯიუტდება და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა ხაბარელმა.

მან უცხოელი მწვრთნელის მოწვევის თემაზეც ისაუბრა.

“ამ პროცესში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა ადეკვატური რეაქციაა? ვისი მწვრთნელი უნდა იყოს? სირცხვილი არ იქნება, რომ დარბაზში შევა და სპორტსმენები არ დახვდებიან? საქართველოში რომ მწვრთნელები გვყავს, მათზე უკეთესი სად არსებობს? ჩვენი მწვრთნელები ევროპაში აღიარებულები არიან.

ევროპის საუკეთესო მწვრთნელი უზნაძე გაუშვა და სადაც წავიდა, იქ საქართველოს აჯობა. არასოდეს არ მომხდარა, რომ თურქეთს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე ეჯობნა”, – აღნიშნა ხაბარელმა.

ამასთან, შოთა ხაბარელი ასევე ადასტურებს, რომ მას ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე უმრავლესობის წევრ თამაზ ნავერიანთან დაპირისპირება მოუვიდა.

“ნავერიანი გამოვიდა და იცავდა, რომ დარღვევა არ იყო. ფაქტობრივად, კომისიისა და მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩვენი დაპირისპირება ამან განაპირობა. ქევხიშვილს პირდაპირ იცავდა.

მინისტრმა თქვა, რომ დარღვევა იყო და ნავერიანი ყველაფერს ცდილობდა, რომ ეს ოქმში არ დაფიქსირებულიყო. იცის, ეს ქევხიშვილისთვის რას ნიშნავს, რადგან მან თქვა, თუ დარღვევა იქნება, გადავდგებიო. ეს ყველაფერი ამას მოჰყვა. ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს. ადამიანი არსებობს, რომელიც მას აჩერებს”, – განაცხადა ხაბარელმა.