საქართველოს ნაკრებს დვალიშვილი გამოაკლდა, ჩაკვეტაძის თამაში კი საეჭვოა

493

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში საწვრთნელ შეკრებას გადის. მალტასთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა, თუმცა ტრავმის გამო შეკრებას ვლადიმერ დვალიშვილი გამოაკლდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე. 18 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმის გამო, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ბად ჰარინგში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებასთან დაკავშირებით ბექა ვაჩიბერაძემ ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ლატვიურ კლუბ რიგასში ირიცხება, სხვადასხვა დროს უკრაინის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

„მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს საქართველოს ნაკრებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. მინდა, რომ ბოლომდე გამოვავლინო თავი ვარჯიშებზე და მომავალში კვლავ გამომიძახონ საქართველოს ნაკრებში“

კომენტარი გააკეთა 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც შვედური გიოტებორგის ღირსებას იცავს, სანაკრებო შეკრებაზე კი მეორედ იმყოფება:

„ყველა ფეხბურთელისთვის პატივია პირველ გუნდში თამაში და ქვეყნის სახელის დაცვა. ეს ორი ამხანაგური თამაში, ერთგვარი შანსია ახალგაზრდისთვის, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და შემდეგ ოფიციალურ თამაშშიც იყოს განაცხადში”

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)