ლაშა ტალახაძე: კარიერულად ისეთი შედეგი მსურს, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება!

3597

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მისი მენეჯერი ზურაბ თალაკვაძე რადიო “ენერჯიზე” გიორგი ფულარიანის საავტორო გადაცემაში Legends იმყოფებოდნენ, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს…

– ლაშა ტალახაძე და ძალოსნობა – როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– მამაჩემმა ჩამოაყალიბა თავისი კლუბი და ძალოსნობაში ჩემი პირველი ნაბიჯები დაახლოებით 15 წლის ასაკში იყო. მამაჩემი ჩემი პირველი მწვრთნელი იყო და შესაბამისად, მისთვის პირველი მოსწავლე მე ვიყავი. რასაკვირველია, მას ძალიან სურდა, რომ მისი ვაჟი წარმატებული ძალოსანი ყოფილიყო. მამაჩემს ჩემ ათლეტად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს. 17 წლის ასაკში გარკვეული შედეგები ვანახე – 17–წლამდე ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოვიპოვე, რის შემდეგაც მოტივაცია კიდევ უფრო გამეზარდა.

– ყველა ბავშვს აქვს ოცნება, რომ იყოს ფეხბურთელი, კალათბურთელი და ა.შ. შენ შემთხვევაში როგორ იყო? თავიდანვე ძალოსნობა გინდოდა?
– თავიდან ფეხბურთელობა მსურდა, შემდეგ ძალოსნობაზე. მერე ძალოსნობა გადავიფიქრე და თავისუფალ ჭიდაობაზე შევედი, საიდანაც მამაჩემმა გარკვეული მიზეზების გამო გამომიყვანა. შემდეგ კალათბურთზე და რაგბზე მინდოდა მეცადა ბედი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ძალოსნობას გავყევი.

– საინტერესოა, რატომ არ გაჰყევი ჭიდაობას…
– ალბათ მაინც იმიტომ, რომ გული ძალოსნობისკენ მიმიწევდა. გავიხსენებ ერთ მომენტს: 2 წელიწადი ვიჭიდავე, საქართველოს ჩემპიონატზე მეორე და მესამე ადგილებიც მაქვს აღებული. დარბაში ერთ–ერთი ვარჯიშისას 75კგ მარტივად ავიტაცე და ვიფიქრე, ისევ ძალოსნობაში ვცდი ბედს–მეთქი. 2007 წელს საჩხერეში ჩატარდა ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც მონაწილეობა საქართველოს ნაკრების იმდროინდელმა წევრებმა და გიორგი ასანიძემ მიიღეს, რის შემდეგაც მამაჩემს ვუთხარი, აღარ გაგიცდენ ვარჯიშებს–მეთქი (იცინის).

– გიორგი ასანიძე – როგორც ერთ–ერთი მოტივატორი…
– ნამდვილად. იგი უდიდესი მწვრთნელია და მაშინაც დიდი მოტივაცია მომცა.

– გავიხსენოთ შენი პირველი შეჯიბრი. რა გრძნობა იყო, როცა იქ პირველად გადიოდი?
– ვინაიდან სპორტსმენის კარიერაში საერთაშორისო წარმატებები უფრო ჩანს ხოლმე, ამიტომ ისევ 17–წლამდე ევროპის ჩემპიონატს გავიხსენებ, სადაც 2 უძლიერესი სომეხი სპორტსმენი იყო. მაშინ დიდი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ სულისკვეთება დიდი იყო. ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 7 თვე მქონდა. აქ საუბარი გვქონდა მედალზე და არა მოგებაზე, რადგან ეს დრო ძალოსნობის ტურნირისთვის მოსამზადებლად საკმარისი არაა, თუმცა ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ორივე სომეხ სპორტსმენს ვაჯობე და პირველი ადგილი დავიკავე. გორ მინასიანი დღემდე ჩემ კონკურენტად ითვლება.

– რიოს 2016 წლის ოლიმპიადა… რა გრძნობა დაგეუფლა მაშინ, როცა გააანალიზე, რომ საქართველოს ეროვნულ ჰიმნთან ერთად ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა იფრიალებდა, შენ კი საუკეთესო სამ სპორტსმენს შორის პირველ ადგილზე იქნებოდი?
– სხვათა შორის, ოლიმპიადაზე წასვლამდე ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, თუმცა მაინც იყო იმის განცდა, რომ რაიმე პატარა შეცდომა არ დამეშვა, რის გამოც ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. გულის სიღრმეში უბრალოდ მედლის მოპოვებითაც ვიმშვიდებდი თავს. რიოში ტურნირამდე 10 დღით ადრე ჩავედით და თავდაჯერებასთან ერთად იყო შიშიც, მაგრამ ამან პირიქით, უფრო გამაძლიერა. შეიძლება, დიდებულ ფორმაში იყო, მაგრამ შეჯიბრის მომენტი მაინც სულ სხვაა. ვარჯიშებზე ისეთი წონები მქონდა გავლილი, რომ ჩემპიონობაზე ფიქრის საბაბს მაძლევდა.

– რა იყო მთავარი, რამაც ოლიმპიური ოქრო მოგაგებინა?
– წარმატება ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული: როგორი მწვრთნელი გეყოლება; როგორ წვრთნებს ჩაატარებ; რამდენად ბოლომდე დაიხარჯები. წინასწარ ვიცოდი, რომ უამრავი ადამიანი ელოდა ჩემ წარმატებას, რაც კიდევ უფრო მაძლიერებდა. ერთ მომენტსაც შევეხები: ჩემ გარდა იყო ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ბრინჯაო მოიპოვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაშინ საკუთარ თავს აჯობა – ისეთი წონები დაძლია, რომლებიც ვარჯიშებზეც არ ჰქონდა აწეული. ორი ქართველი მედალოსანი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი რამ იყო!

ლაშა ტალახაძის მენეჯერ ზურაბ თალაკვაძის განცხადებით, დეკემბერში გამოვა წიგნი სახელწოდებით “ეს ლაშაა და ეს საქართველოა”, რომელიც ლაშას ბიოგრაფიული ნაწარმოების პირველი ნაწილი იქნება და გარდა ამისა, შემდეგ კვირას ოფიციალურად დარეგისტრირდება ლაშა ტალახაძის ფან–კლუბი, სადაც გაწევრიანების ბევრი მსურველია. 

– ლაშა, როგორია, როცა გამოდის წიგნი შენ ცხოვრებაზე, განვლილ გზაზე და ასევე შენი ფან–კლუბი იხსნება?
– სპორტსმენის ცხოვრება ძალზე დატვირთულია და შესაძლოა, რომელიმე დეტალი არ ახსოვდეს. ეს წიგნიც სწორედ ამაში დამეხმარება, რომ რაც დავიწყებული მაქვს, თავიდან განვიცადო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა წარმატებას აღწევ და ეს ყველა კუთხით გიფასდება. წარმატებები ზურას, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს იდეალურად გაართმევს თავს. რაც შეეხება ფან–კლუბს, ეს ნამდვილად გვჭირდება ქართველებს. ნებისმიერი სპორტსმენისთვის ბევრი გულშემატკივარი აუცილებელია.

– ოლიმპიადის შემდეგ იყო შენი მხრიდან დამყარებული არაერთი რეკორდი. რა არის შენი მოტივაციის მთავარი წყარო?
– პირველი წარმატება 2015 წელს მოვიპოვე. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე, მაგრამ რუსი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და შესაბამისად, ოქროს მედალი გადმომეცა. სწორედ მაშინ ჩემ თავს ვუთხარი, რომ აწი არც ერთ შეჯიბრს აღარ წავაგებ–მეთქი! ბოლო ევროპის ჩემპიონატზე 221კგ გავაფუჭე და თავის მართლებას არ დავიწყებ, ჩემი ბრალი იყო (იცინის). მაშინ მითხრეს: “როგორ ვერ აწიე”?! და ა.შ. მაგრამ მე ვპასუხობ, რომ ესეც გამოსწორდება. საბოლოო ჯამში, კარიერულად ისეთი შედეგის დაფიქსირება მსურს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

– ზურა, როგორ ახსნი ლაშას ფენომენს?
– ასე უბრალოდ ვერ ახსნი. ლაშას ფენომენის მარტივად ახსნა რომ შეიძლებოდეს, გაცილებით მეტი კონკურენტი ეყოლებოდა. ეს, პირველ რიგში, ბუნებრივი ნიჭი და თავდაუზოგავი შრომაა. მე ბედნიერი ვარ, დრო გამომიჩნდა, რადგან ბოლო პერიოდში ეთერით დატვირთული არ ვარ და რამდენჯერმე ლაშას ვარჯიშზე შევიარე… იქ უნდა შეიარო და აუცილებლად სხვა პლანეტაზე აღმოჩნდები.

– რას ნიშნავს შენთვის იყო ტალახაძის მენეჯერი?
– მენეჯერი უფრო ნაკლებად, რადგან ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მე შევიძინე მეგობარი, რომელზეც შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვესაუბრო. მენეჯერობა უბრალოდ ფორმალობაა.

– ლაშა, შენი ხედვით, რა უფრო მთავარია ძალოსანისთვის – ფიზიკური თუ მენტალურ–ფსიქოლოგიური სიძლიერე?
– ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს. არსებობენ სპორტსმენები, რომელთაც აგებულება ან სახსრები არ უწყობთ ხელს, ამ დეტალს კი დიდი ყურადღება ექცევა. ზოგს მოკლე ხელი აქვს და ეს ტრავმის ალბათობას ზრდის, მაგრამ ქართული ჟინი და ძალა მაინც თავისას აკეთებს. ყველას თავისებური ტექნიკა და მიდგომა სჭირდება. მაგალითად, შოთიკო მიშველიძეს საერთოდ არ უწყობს ხელები, მაგრამ მან შეუძლებელი შეძლო და ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოზე კი საპრიზო ადგილზე მოხვდა და ახლა წინსვლას განაგრძობს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მომენტი – ერთი–ერთზე რჩები რკინასთან, რომელიც ძალიან მძიმეა და უნდა დაძლიო. ვიცნობ სპორტსმენებს, რომლებიც დარბაზში უდიდეს შედეგებს დებენ, მაგრამ საშეჯიბროდ ნერვები არ ჰყოფნით. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს.

– სამომავლო გეგმები…
– წინ მელოდება ნოემბერში გასამართი მეტად რთული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ოლიმპიადის ლიცენზიების ქულები გათამაშდება. ძალიან საპასუხისმგებლო ტურნირი იქნება, ლიცენზიისთვის ყველა შეუპოვრად იბრძოლებს და თან, წესებიც გამკაცრებულია, მაგრამ მზად ვართ ახალი შედეგებისთვის.

– რას ურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს?
– პირველ რიგში, ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ. შემდეგ მოდის შრომა, თავდადება. როდესაც დიდ სპორტში ხარ ჩართული, უმეტეს შემთხვევაში გართობა, დალევა და ა.შ. უნდა დაივიწყო, მაგრამ ვიცით, რომ ეს შრომა დაფასდება, გამარჯვებით დაგვირგვინდება და ეს ყველაფერი ენით აღუწერელი გრძნობაა.