ვახტანგ ალანია დაფინანსების პრობლემასა და სხვა საინტერესო საკითხებზე…

1220

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფოთელმა ნიჩბოსნებმა, ზაურ ჩერნიშოვმა და ზურაბ კინტირაიამ ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით B ფინალში მე–5, საერთო ჩათვლაში კი მე–11 ადგილი დაიკავეს, ნაჩვენები დრო 6:46 კი ბოლო 25 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ ალანიას დავუკავშირდით.

– ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, ზაურ ჩერნიშოვისა და ზურაბ კინტირაიას წარმატებაზე ვისაუბროთ…
– აკადემიური ნიჩბოსნობა კლასიკური ევროპული სპორტია, სადაც ყოველი გუნდი გამოირჩევა სიძლიერით და საუკეთესო შედეგებით. ასეთ გუნდებს შორის ასპარეზობისას ნებისმიერ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო 2 წელია საქართველოს ნაკრები მოწვეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით გადის ინტენსიურ წვრთნებს თანამედროვე მეთოდიკით. შესაბამისად, შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო.

 
– რამდენად კარგი პირობები ჰქონდათ მოსამზადებლად?
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვარჯიშისა და დასვენებისთვის სპორტსმენებს შევუქმენით  საუკეთესო პირობები. დღეს ნაკრებ გუნდს აქვს სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გვაქვს თანამედროვე მაღალი ხარისხის სავარჯიშო ნავები და ნიჩბები; მწვრთნელისთვის სამუშაო კატარღები და ძრავები; ნავების შესანახი ელინგი,წყალზე გასასვლელი ტივტივა, სპორტული სასტუმრო და სასადილო, სავარჯიშო დარბაზები ტრენაჟორებით და სხვა სპორტული აღჭურვილობით.
 

– რა არის მთავარი ნიჩბოსანისთვის?
– ნიჩბოსანისთვის უმთავრესია: 1)ვარჯიშისასთვის, სპორტული კარიერული  ზრდისათვის საჭირო პირობები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახით; 2)მაღალი კატეგორიის, თანამედროვე აზროვნების მწვრთნელი; 3)სპორტსმენის პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, სპორტის სიყვარული.
 
– ზოგადად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რამდენად პოპულარულია ნიჩბოსნობა საქართველოში?
– სამწუხაროდ, 
აკადემიური ნიჩბოსნობა ნაკლებად პოპულარულია საქართველოში და არა იმიტომ, რომ ბავშვებს ან მათ მშობლებს არ მოსწონთ ეს სახეობა. ჯანმრთელი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ნიჩბოსნობა არის #1 სპორტი და ამას მშობლებიც აცნობიერებენ, მაგრამ საქართველოში ნიჩბოსნობის ინფრასტრუქტურა დანგრეულია. 30 წლის წინათ ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 15-ზე მეტი დიდი სპორტული კლუბი, დღეს დარჩენილია – 3.
 
– სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის რა კეთდება ფედერაციის მხრიდან?
– ჩვენი პროგრამის უპირატესი მიმართულება სანიჩბოსნო სპორტის პოპულარიზაციაა. ამისთვის ჩვენ შევქმენით ახალი კლუბების გახსნისთვის წინაპირობა: შევაკეთეთ ნავები, გადავამზადეთ მწვრთნელები, ვთარგმნეთ და დავბეჭდეთ თანამედროვე უცხოური ლიტერატურა. ორი წლის წინ აბაშაში გაიხსნა კერძო სპორტული კლუბი და 2018 წელს იქვე გაიხსნა სპორტული სკოლა მუნიციპალური დაფინანსებით. დღის წესრიგშია ბათუმი და ანაკლია. გვაქვს დაგეგმილი ნიჩბოსნობის ფესტივალები ანაკლიაში, ბათუმსა და აბაშაში.
 
– როგორც ვიცით, ფედერაციას დაფინანსებაზე აქვს პრობლემები… როგორ ფიქრობთ, რის გამო ხდება ასე?
– დაფინანსებასთან დაკავშირებით სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი. ფედერაციას 5 თვის განმავლობაში არანაირი დაფინანსება არ მიუღია და ბოლო ფაქტი – საფრანგეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გავემგზავრეთ „ნისიად“. ჩამოვედით, მაგრამ დღესაც მგზავრობის თანხა გადარიცხული არაა. ჩვენდა საბედნიეროდ, სხვა დანარჩენი  ხარჯი აიღო საერთაშორისო ფედერაციამ. რატომ ხდება ასე? ძნელი სათქმელია. ნახევარი წელია ჩვენ ვარსებობთ სპონსორული დახმარების ხარჯზე.
 
– რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაფინანსება გაიზარდოს?
– 
მოწესრიგდეს იმ მცირე დაფინანსების გაცემის წესი და დრო, რომელიც გამოყოფილია სამინისტროს მიერ. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია.
 
– ობიექტურად რომ შევაფასოთ, რა არ მოგწონთ დღევანდელი ფედერაციის საქმიანობაში? რა არის გამოსასწორებელი?
– 
ფედერაციას გააჩნია გადასაწყვეტ პრობლემათა ჩამონათვალი: 1)მწვრთნელების საკითხი. დღეს მწვრთნელთა საშუალო ასაკი არის 70 წელი. დღის წესრიგშია ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე მწვრთნელების მოწვევა სამსახურში; 2)არის შიდა პრობლემები, რაც უკავშირდება ფედერაციის ახალ გამოწვევებს, ახალ მოთხოვნებს ,რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა კლუბი, რაც იწვევს მათ გაღიზიანებას და კონფლიქტს. მაგალითად, ქუთაისის სანიჩბოსნო სკოლას ჰყავს 4 მწვრთნელი და ჯამში 10 სპორტსმენი, რაც დაუშვებელია.
 
– ფედერაციის სამომავლო გეგმები…
– 
სამომავლო გეგმები უკავშირდება ინტენსიურ ვარჯიშებსა და წვრთნებს, რათა ყოველ ასპარეზზე გავაუმჯობესოთ შედეგი. წინ გველოდება: 15 ივნისს საერთაშორისო რეგატა ბლედში (სლოვენია) და  08-12 აგვისტოს რაჩიცეში (ჩეხეთი) მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი (ასაკობრივი კატეგორია 18–წლამდე).