ახალგაზრდა მწვრთნელის ისტორია – გიგი სამადაშვილი

2143

სულ ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბი “ვარკეთილი” ყველა გულშემატკივრის თვალში სიმპათიას იწვევდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საჩემპიონო ფორმაცია დაიშალა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, იმდროინდელი “ვარკეთილის” ერთ–ერთი წევრი გიგი სამადაშვილი აცხადებს, რომ შრომა არ დააფასეს.

– როგორ დაიწყო გიგი სამადაშვილისა და ფეხბურთის ურთიერთობა?
– ფეხბურთი ბავშობიდან მიყვარდა და პირველი კლასიდან ამ სფეროთი ვარ დაკავებული.
– თავიდანვე ფეხბურთელობაზე ოცნებობდი?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის რეალურად ვაფასებდი შანსებს.
– მოუყევი ჩვენ მკითხველს შენი საფეხბურთო კარიერის შესახებ…
– ჩემი საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები იყო “გლდანი 39”. სწორედ იქ გავიარე ბავშვთა ფეხბურთი. განსაკუთრებული პირობებით არ გამოირჩეოდა ის სკოლა, მაგრამ მწვრთნელებთან ერთად ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ საკმარისი იყო სხვა ჩვენზე უკეთეს პირობებში მყოფ გუნდებისთვის ღირსეული წინააღმდეგობა გაგვეწია. ბავშვთა ფეხბურთის შემდეგ მოვხვდი “საბურთალოში”, სადაც 1 წელიწადზე მეტი გავატარე. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. ამის შემდეგ გადავედი ოდნავ მაღალ დონეზე, სადაც უფრო რთული იყო ყველაფერი. მარტივად არავინ არაფერს მოგცემდა. მაშინ საქართველოს ჩემპიონატი 3 დონედ იყოფოდა: უმაღლესი ლიგა,  პირველი ლიგა და მეორე ლიგა. მე სწორედ მეორე ლიგის გუნდში “ივერიონი” ვიმყოფებოდი, სადაც 2 წელი გავატარე და ადაპტაციაც აქ გავიარე. 15 წლის ვიყავი და იქ უკვე ასაკი შეზღუდული არ იყო და რთული იყო შეგუება. ყველაფრის გასაკეთებლად ორმაგი მონდომება და შრომა გჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი გავიარე. შემდეგ ცოტა უფრო მაღალ დონეზე გავედი პირობების მხრივ – ვგულისხმობ “აჩაბეთის ლიახვს”, სადაც ძალზე მეგობრული და კარგი მდგომარეობა იყო. დღემდე მაქვს ურთიერთობა ამ კლუბთან, იქ სადღაც 2 წელიწადზე მეტი გავატარე და უფრო საპასუხისმგებლო და რთული გუნდი იყო, სადაც ოდესმე მქონდა ნათამაშები. წელიწადნახევარში მოვახერხე, რომ ამ გუნდში საკუთარი ადგილი მეპოვნა და ბოლო სეზონი ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი და ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისათვის, რომ საქართველოს თასის ფინალი გვეთამაშა. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ გუნდში, სადაც კარიერის საუკეთესო შედეგზე გავედი, “ვარკეთილი თბილისში” გადავედი, სადაც 2 სეზონი გავატარე. პირველ წელს ამბიციური გუნდი გვყავდა და 1 ქულა დაგვაკლდა მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ დაიწყო სეზონი, რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება. ამ დონესთან შედარებით იმ ტრიუმფალურ სეზონში ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და ძალიან რთული გზა იმ გუნდმა პირველ ადგილზე დაასრულა და ჩვენი გუნდი ძალიან პრესტიჟულ ადგილას მოხვდა. ამის შემდეგ ჩემი საფეხბურთო კარიერა გრძელდება “გლდანში”, სადაც საფუძვლის ჩაყრის ეტაპზე ვართ და ყველაფერი გასაკეთებელია, ძალიან ბევრი შრომა იქნება საჭირო და თქვენ მალე იხილავთ “გლდანს” მოწინავე ლიგებში. ჩემი საფეხბურთო კარიერა ამჯერად ამ ეტაპზეა. 

– თუ არის შენი კარიერიდან განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მატჩი, პასი ან გოლი?
– ბევრი მატჩია ჩემთვის დასამახსოვრებელი, გოლიც, მაგრამ მარტო ერთ ბურთს გამოვყოფ: ზემოთნახსენები “ვარკეთილის” საჩემპიონო სეზონის ბოლო და გადამწყვეტი გოლი “ლოკომოტივი 2-ის” კარში, რამაც ჩემპიონობა მოგვიტანა – ძალზე გამორჩეული მომენტი იყო.
– მწვრთნელის როლში როგორ აღმოჩნდი?
– მწვრთნელის როლში აღმოვჩნდი 18 წლის ასაკში. ბავშვებში დავიწყე პრაქტიკების გავლა – ვაკვირდებოდი, ვსაწვლობდი და დღემდე ამ პროცესში ვარ. თავიდანვე მივხვდი, რომ ამ სფეროში ყველაფერი განსაკუთრებულია.

– როგორია ეს ამპლუა?
– პირველ რიგში, ძალზე საპასუხისმგებლო – მით უმეტეს, როცა ბავშვებთან გიწევს მუშაობა. ბავშვთა ფეხბურთი ძალიან ფაქიზი პროცესია. უნდა ეცადო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომები რაც შეიძლება მალე და მკვეთრად გამოასწორო. დიდებთან ყველაფერი სხვაგვარადაა – გარკვეულწილად უფრო რთულიც და იოლიც.
– რა განსხვავებაა ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის?
– ფეხბურთელი და მწვრთნელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ფეხბურთელებს უფრო სხვა საფიქრალი და მოთხოვნები აქვთ, ხოლო მწვრთნელებს სულ სხვა საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ყველაფერი დეტალურად უნდა გათვალო, ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს ყურადღება უნდა მიაქციო, რომ საბოლოო შედეგზე ამ ყველაფერმა დადებითი ზეგავლინა მოახდინოს. ფეხბურთელებს ამ ჩამონათვალზე ფიქრიც კი არ უწევთ.
– “ვარკეთილის” დაშლა როგორ გადაიტანე?
– “ვარკეთილი” არ დაშლილა, განაგრძობს ვარჯიშებს და სწორედ ამიტომ, საერთოდ არ მინერვიულია, რადგან სადაც არ გაფასებენ და პატივს არ გცემენ, იქ ზედმეტი ენერგიის და დროის ხარჯვა საჭირო აღარაა. არავის არ ეწყინება, მაგრამ რაც ჩვენ ფეხბურთელებმა და შემდეგ მწვრთნელებმა მათთვის გავაკეთეთ, ამის ფონზე, მარტივად რომ ვთქვათ, არ დაგვაფასეს.
– როგორ აღწერ ამ გუნდში გატარებულ პერიოდს?
– წეღანაც ვთქვი, რომ ის ერთი საჩემპიონო სეზონი არასდროს დამავიწყდება, ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეეული იყო. მწვრთენლის რანგშიც გატარებული პერიოდიც კარგი იყო, მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ დონეზე ზუსტად იქ დავიწყე.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– უახლოეს მომავალში მსურს, ლიცენზია ავიმაღლო და მეტი ცოდნა, განათლება მივიღო, რათა უკეთესი გავხდე.
– რას ურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს?
– პირველ რიგში, შეაყვარონ სახლში ფეხბურთი! ფეხბურთელი სახლში იზრდება, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ოჯახს, რომ შეაყვარონ სპორტის ეს საოცარი სახეობა და შემდეგ იყვნენ მონდომებულნი აკეთონ უკეთ ის, რასაც აკეთებენ. მეტი მოთხოვონ საკუთარ თავს და რეალურად შეაფასონ ვითარება.