გაიცანი გულშემატკივარი: სოსო ბეკოშვილი

437

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი – “არსენალის” ქომაგი სოსო ბეკოშვილი…

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს გამომდინარე იქედან, რომ 14 წლამდე მეც ვთამაშობდი და რომ არა უმძიმესი ტრავმა, შეიძლება, პროფესიული თვალსაზრისითაც გავყოლოდი, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდა… რაც შეეხება პირველ მატჩს, ეს იყო “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” დაპირისპირება 2006/2007 წლების სეზონში და რონალდიონიოს ბენეფისი – ულამაზესი მომენტები გაუჩოს შესრულებით.

– რატომ “არსენალი”?
–  ალბათ იმიტომ, რომ მათი პირველი მატჩის ნახვის შემდეგ დამეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს, “ემირეითს სთედიუმზე” ვიყავი და მეთორმეტე მოთამაშის როლს ვირგებდი, რადგან “ევერტონთან” ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც თუ არ ვცდები, 2008 წელს იყო უდიდესი ემოციური ფონი ჰქონდა ჩემთვის და ის, რასაც “არსენალის” ფეხბურთელები იმ დღეს აკეთებდნენ მოედანზე უბრალოდ დიდებული იყო. სწორედ ამ შეხვედრიდან ვგულშემატკივრობ “მეთოფეებს”. სხვათა შორის, ის შეხვედრა 6:1 დასრულდა.

– როგორ შეაფასებდი უკვე დასრულებულ სეზონს?
– ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში არაფერი მომხდარა განსაკუთრებული ისეთი, რაც წინა წლებში არ გვინახავს “არსენალის” შესრულებით. ჩემპიონატში სრული კრახი განვიცადეთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დავიკავეთ. თითქმის ყველა გრანდთან უარყოფითი ბალანსი გვქონდა. ერთის მხრივ, შეიძლება, ჩემპიონატში ასეთი გამოსვლა ევროტურნირზე გადატანილ ყურადღებას დავაბრალოთ, თუმცა საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, რომელსაც ამ გუნდის გულშემატკივარი დიდი ხანია შეეჩვია. ნახევარფინალში შეგვხვდა გუნდი, რომელმაც მოგვისპო ყველანაირი იმედი ფინალში გასვლისა და დაგვტოვა მის მიღმა. სეზონს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვაფასებ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ამაზე უარესი სეზონები გვინახავს – შესაბამისად, ისევ მომავლის იმედად ვრჩებით.

– რას იტყოდი არსენ ვენგერზე?
– არსენ ვენგერზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თავის მხრივ კარგისაც და ცუდისაც, თუმცა “არსენალში” მის სამწვრთნელო კარიერას თუ შევაფასებთ, არ იყო ისეთი, როგორიც დიდ მწვრთნელებს შეეფერებათ. ეს ჩემი პირადი აზრია. შეიძლება, სხვა ბევრად პოზიტიურად უდგება მის თავკაცობას და იმას, რაც დატოვა, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩემი ჩათვლით, “არსენალის” ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილოა მისით. არის ერთი მომენტი: “არსენალში” მუსიეს მოსვლის შემდეგ დამკვიდრდა ის სათამაშო სტილი, რის გამოც ავირჩიე ეს გუნდი, გაზარდა ბევრი ახალგაზრდა და აქცია ვარსკვლავად, თუმცა მათ შენარჩუნებას პრაქტიკულად ვერასდროს ახერხებდა ვერც ის და ვერც ხელმძღვანელობა, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე ბიზნესის კეთებაზე იყო გადასული. მოიგო ოქროს პრემიერ ლიგა, “ოქრო” კოლექტივით, მაგრამ ამ ხნის მანძილზე კაცი ერთადერთხელ გავიდა ლიგის ფინალში და ისიც დათმო. სწორედ 2006 წლის შემდეგ, როცა ვარსკვლავები წავიდნენ და საათივით აწყობილი გუნდი დაიშალა, სულ რეგრესს განიცდიდა. საბოლოო ჯამში, მაინც დიდი პატივისცემა ჩემგან მუსიე ვენგერს, წარმატებებს ვუსურვებ სხვა გუნდთან ერთად, საინტერესო იქნება მისი ნახვა რომელიმე დიდ გუნდში, დიდი რესურსით.

– რას შეცვლიდი გუნდში?
– მოსაყვანია მაღალი დონის ფეხბურთელები, გასაძლიერებელია სხვადასხვა პოზიციები. ნახევარდაცვის, კონკრეტულად საყრდენის პოზიცია და დაცვის ცენტრშიც დიდი პრობლემები იყო წელს, ძალიან ბევრი ბურთი გავუშვით, რაც საბოლოო ჯამში, შედეგზეც აისახა. იმედია, ხელმძღვანელობა გამოყოფს საკმარის თანხას, რათა მაღალი დონის ფეხბურთელები მოვიდნენ. კიდე ერთი პრობლემა, რომელიც “არსენალის” ფეხბურთელებს აქვთ, ვფიქრობ, საბრძოლო სულისკვეთებაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დიდი მიზნებისთვის არასდროს იბრძვიან. მენტალობა უნდა შეიცვალონ და საკუთარი თავების რწმენა დაიბრუნონ, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

– შენი ფავორიტი 3 “მეთოფე”…
– ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი, ტონი ადამსი.

– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი “არსენალის” შესრულებით…
– “რედინგთან” 7:5. რთულია მსგავსი თამაშის დავიწყება.

– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– 2010 წლიდან ინგლისის ნაკრების ქომაგი ვარ.

– ვინ არის მუნდიალის ფავორიტი?
– ესპანეთი, გერმანია, ბრაზილია.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი გოლი ალბათ, ჯეკ უილშირის ბურთი “ნორვიჩთან”. ბევრი მინახავს “არსენალის” შესრულებით მსგავსი ბურთი და “ბარსელონასაც” აქვს მსგავსი სტილის გოლები გატანილი, თუმცა ჯეკის ბურთი წარმოუდგენლად ლამაზი გამოვიდა. პასი? ზიზუს დაკიდებული ბურთი ტიტიზე 2006 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან ნახევარფინალში.

– იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი ოცნების გუნდი, რომელსაც მოესწარი + მწვრთნელი…
– ბუფონი, ლამი, პუიოლი, მალდინი, რობერტო კარლოსი, ინიესტა, პირლო, ლამპარდი, მესი, რონალდუ, რონალდო. მწვრთნელი რინუს მიხელსი.