გუარდიოლას ახალი ინიესტა – კევინ დე ბრუენი

579

აწ უკვე დასრულებულ საკლუბო სეზონში პეპ გუარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ”, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახისა, მაინც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა – პრემიერ ლიგა ერთი ამოსუნთქვით, ესთეტიური და ძალიან ეფექტური ფეხბურთით მოიგო და + ერთბაშად 9 რეკორდი დაამყარა.

ამ წარმატების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი ბელგიელი კევინ დე ბრუენია, რომელიც ნახევარდაცვას მთლიანად აკონტროლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პეპის ახალი ინიესტაა, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ჩავი–ინიესტას ნაზავია, დარტყმის სიმძლავრე და სიზუსტე კი ორივეზე მაღალ დონეზე აქვს განვითარებული.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც შეიძლება, ბელგიელი ორივე ლეგენდარულ ესპანელზე წინ დააყენო, ართმევებზე თამაშია. კევინი მისი სტილისთვის ამ საკითხში ზედმეტად კარგად გამოიყურება.

კევინმა “ნისლიანი ალბიონის” პირველივე ცდით დაპყრობა ვერ მოახერხა, იგი “ჩელსიში” ვერ გაიხსნა, რის გამოც ბუნდესლიგაში გაანათხოვრეს და მისი ტალანტი “ვერდერსა” და “ვოლფსბურგში” დაამტკიცა, თუმცა არც ერთი იყო დე ბრუენის დონე. “სიტიში” კი ჯერ კიდევ მანუელ პელეგრინის დროს ათამაშდა, პეპ გუარდიოლას მისვლის შემდეგ კი საერთოდ, სხვა სიმაღლეზე ავიდა, ეს კი განსაკუთრებით გასულ სეზონზე ითქმის – პრემიერ ლიგის 37 მატჩში განხორციელებული 16 საგოლე გადაცემა და 8 გოლი ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს.

მოედნის ხედვა, პასის უმაღლესი კულტურა, ორივე ფეხით იდეალურად თამაში და დარტყმა, აჩქარება, დრიბლინგი, ფიზიკა – ეს ყველაფერი ბელგიელს უმაღლეს დონეზე აქვს. გარდა ამისა, საოცრად შეუძლია პარტნიორის თავისუფალ ზონაში დანახვა: კევინის ანგარიშზე 120 მწვავე გადაცემაა და ამ საკითხში ახლოსაც ვერ მიდის ვერავინ.

წინ მუნდიალია და დარწმუნებული ვარ, კევინი სწორედ ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშე იქნება. ჩემი ღრმა რწმენით, წლის საუკეთესო ნახევარმცველი და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!