2017/18 წლების სეზონის რეკორდები

349

გასული საკლუბო სეზონი საკმაოდ დაძაბული, სანახაობრივი და მრავალფეროვანი გამოდგა: ვიხილეთ ულამაზესი მომენტები, სუპერმატჩები; გავაცილეთ დიდი ლეგენდები.

შევაჯამოთ 2017/18 წლების სეზონი და განვიხილოთ ინდივიდუალური და გუნდური რეკორდები…

გარეთ ბერი – 633 მატჩი პრემიერლიგაში

ჩვენ შეჯამებას გარეთ ბერით დავიწყებთ, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში პრემიერ ლიგის მე–6 ტურში “ლივერპულის” წინააღმდეგ “ენფილდზე” ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით 633–ე მატჩი გამართა, რითაც აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. 36 წლის ბერი “ასტონ ვილაში”, “ევერტონსა” და “მანჩესტერ სიტიში” გამოდიოდა. “ქალაქელებთან” ერთად 2011 წელს ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო მომდევნო სეზონში პრემიერლიგა მოიგო. გარეთმა პრემიერ ლიგაში კიდევ 20–ჯერ ითამაშა, მისი “ვესტ ბრომვიჩი” კი ჩემპიონშიპში გავარდა.

ბარსელონა – ზედიზედ 36 ტური წაუგებლად

კატალონიელები ძალზე ახლოს იყვნენ “არსენალის” შედეგის გამეორებასთან – მოეგოთ რა ლა ლიგა დაუმარცხებლად, მაგრამ ბოლოსწინა ტურში “ლევანტესთან” 5:4 დამარცხდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, 36–მატჩიანი წაუგებელი სერიაც დიდებული რეკორდია. მივუმატოთ 2016/17 წლების სეზონის ბოლო 7 მატჩიც და გამოვა, რომ “ბარსას” 43 შეხვედრაა, არ წაუგია. გასული რეკორდი “რეალ სოსიედადს” ეკუთვნოდა, რომელმაც 1979/80 წლების სეზონში 38–მატჩიანი წაუგებელი სერია განახორციელა.

ლეო მესი – მე–5 ოქროს ბუცი

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პრიმერადივიზიონში საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, კარიერაში მეხუთედ მოიგო “ოქროს ბუცი”, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. თუკი “ოქროს ბურთებში” მესი–რონალდუს შორის ანგარიში 5:5–ია, ამ შემთხვევაში სამხრეთამერიკელი 5:4–ს იგებს. გარდა ამისა, ლეომ კიდევ ორი რეკორდი დაამყარა: “რეალის” კარში ყველა ტურნირზე გატანილი 24 გოლი და კონკრეტულად ლა ლიგაში – 18.

ნეიმარი – 222 მილიონი ევრო

გასული ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. მთავარი მისია, რომლის გამოც ნეიმარი პარიზულ გუნდში გადავიდა, კვლავ ვერ შესრულდა – გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ისევ მერვედფინალიდან დატოვა.

რეალი – ზედიზედ მესამედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

რა თქმა უნდა, მადრიდის “რეალი”, რომელმაც კიევურ ფინალში “ლივერპული” 3:1 დაამარცხა და უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც აბსოლუტური რეკორდია! ასევე უნდა შევეხოთ ზინედინ ზიდანის რეკორდსაც, რომელმაც ეს ყველაფერი სულ რაღაც 2,5 წელიწადში მოახერხა. არსებობენ მწვრთნელები, რომელთაც სამჯერ მოიგოს ლიგა, მაგრამ ასე სწრაფად ამის გაკეთება ვერავინ შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუ – ჩემპიონთა ლიგის 5 თასი

პორტუგალიელი გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 5–ჯერ მოიგო. ასევე უნდა გავიხსენოთ მისი ბომბარდირული რეკორდები – 15 გოლით მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გოლეადორი გახდა, რაც უკვე ზედიზედ მე–6 შემთხვევაა. ასევე მან ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. გარდა ამისა, რონალდუ ტურნირის ისტორიაში გატანილი ბურთების რაოდენობით ლიდერობს – 120 გოლი.

ჯეიმს მილნერი – 9 საგოლე გადაცემა 701 წუთში

ინგლისელმა ძალზე საინტერესო რეკორდი დაამყარა. ბოლო, სარეკორდო გადაცემა მილნერმა “რომასთან” პირველი ნახევარფინალურ მატჩში გააკეთა, როდესაც კუთხურიდან ჩააწოდა და რობერტო ფირმინომ თავით შეაგდო. “ლივერპულის” კაპიტანმა უეინ რუნისა და ნეიმარს გადაასწრო – “იუნაიტედის” ლეგენდისა და ბრაზილიელის შედეგი 8–8 გადაცემა იყო.

ლივერპული – ჩემპიონთა ლიგის 15 მატჩში 47 გოლი

მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი სეზონის განმავლობაში შედეგიანობის მხრივ რეკორდი დაამყარეს. წინა მიღწევა “ბარსელონას” ეკუთვნოდა – 1999/2000 წლების სეზონში, როცა ჯერ კიდევ ორი ჯგუფური ეტაპი იყო, კატალონიელებმა 16 მატჩში 45 გოლი გაიტანეს.

მუჰამედ სალაჰი – 32 გოლი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში

ეჭვგარეშეა, რომ გასული სეზონი ეგვიპტელისთვის კარიერაში საუკეთესო იყო. მან პრემიერ ლიგაში ბომბარდირული რეკორდი დაამყარა – ერთ სეზონში გატანილი 32 გოლი. 31 ბურთი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი: 1995/96 წლების სეზონში “ბლექბერნ როვერსის” რიგებში ეს ალან შირერმა გააკეთა, ინგლისელის მიღწევა კი 2007/08 წლებში “იუნაიტედის” შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუმ და 2013/14 წლებში “ლივერპულში” მოთამაშე ლუის სუარესმა გაიმეორეს.

მანჩესტერ სიტი – 9 რეკორდი ერთ სეზონში

რა თქმა უნდა, “სიტის” გარეშე  ეს სტატია ვერ ჩაივლიდა. ხოსეპ გუარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგა ერთი ამოსუნთქვით, ლამაზი ფეხბურთითა და რეკორდების ცვენით მოიგო. 32 მოგება, 100 ქულა და 106 გოლი – სამივე შემთხვევაში “ჩელსის” მიღწევები გააუმჯობესეს. გარდა ამისა: ზედიზე 18 გამარჯვება; ზედიზედ 16 მოგება გასვლაზე; რეკორდული განსხვავება მეორე ადგილთან – 19 ქულა; ბურთების რეკორდული შეფარდება – 106:27; ბურთის რეკორდული ფლობა – 82% და გადაცემების რეკორდული სიზუსტე – 89%. ასე და ამგვარად, ერთ სეზონში ჯამში 9 რეკორდი გამოვიდა.

იუვენტუსი და ჯიჯი ბუფონი

ტურინელებმა სერია A–ში დაახლოებით იგივე გააკეთეს, რაც ისტლენდელებმა პრემიერლიგაში. ჯერ კიდევ მე–10 ტურში “იუვემ” შედეგიანობის მხრივ რეკორდი დაამყარა – 10 ტურში 31 გოლი. შემდეგ იყო გასვლით შეხვედრაში ზედიზედ 29–ჯერ გატანილი ბურთი. ბოლოს კი ტიტულების რეკორდიც დაამყარეს – იტალიის თასი მეცამეტედ, ხოლო სკუდეტო ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს. რაც შეეხება ჯიჯის, ბუფონმა სკუდეტო კარიერაში მეცხრედ მიიღო, რაც იტალიური ფეხბურთის ახალი ინდივიდუალური რეკორდია.