ზურაბ ბოქოლიშვილი: ტურიზმის განვითარების კუთხით უდიდესი პოტენციალი გვაქვს!

486

28-29 სექტემბერს თბილისი სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას Sportsway უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილია.

– ბატონო ზურაბ, ტრადიციულად სექტემბერში თბილისში კონფერენცია Sportsway გაიმართება. რა თემები იქნება წელს პრიორიტეტული?
– მთავარ განსახილველ თემებს შორის არის აქტიური ტურიზმის განვითარების ტრენდები და პერსპექტივა, საერთაშორისო გამოცდილება, აქტიური ტურიზმის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრებიან.

– უფრო დეტალურად სპიკერატზე…
– მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი დონის სპიკერატი იქნება წელს წარმოდგენილი: ჩინეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ეთნოსპორტის ასოციაციის პრეზიდენტი, დუბაის სპორტ კონსულატის გენერალური მდივანი, ეგვიპტის სპორტის მინისტრის მოადგილე, უდიდესი სპორტული ორგანიზაციების – TAFISA, IronStar, Eventica, Shankai Sports, Blue Rock, Newmann Sports, Games of Heroes, I love Supersport პირველი პირები.

– რას უნდა ელოდოს დამსწრე აუდიტორია?
– ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს, დიდი ცოდნის მიღებას, კონტაქტებს. ყველაფერ იმას, რაც თავისი საქმის განვითარებისთვის არის საჭირო.

– დადებითი შედეგი საქართველოსთვის…
– უპირველეს ყოვლისა, პოზიციონირება. ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს აქტიური ტურიზმის განვითარების კუთხით. შემდეგ ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა, შესაბამისად, ეკონომიკური დამატებითი მოგების მიღება. ტერიტორიული ბრენდინგის ახალი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა. მაგალითად, საქართველოს ესტუმრება მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ჩინური კომპანია Shankai Sports, რომელიც ამ ეტაპზე ახორციელებს საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ტურისტული მომსახურების პროექტს, ასევე PGA ტური და ბევრი სხვა გლობალური მოვლენა მათი მენეჯმენტის ქვეშაა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება მათი ხედვების გაზიარება და პარტნიორობა.

– და ბოლოს: როგორ უნდა მოხვდნენ კონფერენციაზე დაინტერესებული პირები?
– უახლოეს დღეებში ამოქმედდება კონფერენციის ოფიციალური გვერდი, სადაც იქნება რეგისტრაცია შესაძლებელი. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი ძალიან დიდია, ხოლო სულ 300 ადგილი. შესაბამისად, მსურველებს ვთხოვთ, დროულად გაიარონ რეგისტრაციის პროცესი.

იხილეთ ასევე:

ზურაბ ბოქოლიშვილი: ვიყოთ აქტიურები!