იმედგაცრუებული სანე

283

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – იოახიმ ლიოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლეროი სანე არ მიჰყავს. მანჩესტერ სიტის 22 წლის გარემარბმა, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, პირველი კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვითამაშებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე!” – დაწერა სანემ “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რომ ლიოვმა გაფართოებული შემადგენლობიდან სახლში ჯამში 4 ფეხბურთელი დატოვა – სანეს გარდა, მუნდიალზე ვერც ბერნდ ლენო, ჯონათან თა და ნილს პეტერსენი მიდიან.

სანემ ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ გერმანიის ნაკრებს მუნდიალზე, რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებს. “მოიპოვეთ ტიტული!” – ასე დაასრულა თავისი პოსტი სანემ.

საინტერესო იყო სანეს თანაგუნდელის კაილ უოკერის გამოხმაურებაც, რომელმაც “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი: “როცა იგებ, რომ ლეროი სანე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიდის.”

სანეს პასუხი: “გაგიმართლა, რომ ჩემს წინააღმდეგ ვერ ითამაშებ, მეგობარო!” შეგახსენებთ, რომ უოკერი ინგლისის ნაკრებშია და მუნდიალზე მიდის.

წყარო: popsport.com