ინტერვიუ ევროპის ჩემპიონთან – ლევან საგინაშვილი

1761

ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე EUROARM2018 საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. მათ ჯამში 106 მედალი მოიპოვეს – აქედან 41 ოქროს, 39 ვერცხლის და 26 ბრინჯაოს მედალი.

ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა ლევან საგინაშვილმა, რომელმაც ქართულ ფინალში გენადი კვიკვინია დაამარცხა.

– პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონობას გილოცავთ. როგორი გრძნობაა?
– გმადლობთ. ნამდვილად ძალზე სასიამოვნო გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ.

– როგორ შეაფასებდი მთლიანად ტურნირს?
– აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისი ორგანიზებით უმაღლესი დონის შეჯიბრი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეთა დიდი რაოდენობა გახლდათ.

– რამდენად დიდი იყო კონკურენცია?
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე და გენადი კვიკვინია თავიდანვე უკონკურენტოები ვიყავით.

– რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ ფინალში გენადი კვიკვინიას უნდა შეხვედროდი?
– სხვათა შორის, განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია, რადგან თავიდანვე ნათელი იყო, რომ გადამწყვეტი დაპირისპირება სწორედ ჩვენ შორის იქნებოდა.

– ზოგადად, როგორ დაიწყე მკლავჭიდთან ურთიერთობა?
– მინდა გითხრათ, რომ მკლავჭიდში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემმა მწვრთნელმა ლადო ხუციშვილმა ერთ–ერთ დარბაზში აღმომაჩინა და დამარწმუნა, რომ სპორტის ამ სახეობისთვის იდეალური მონაცემები მქონდა.

– თავიდანვე მკლავჭიდელობა გსურდა თუ იყო სხვა რომელიმე სახეობა, სადაც განვითარებაზე ოცნებობდი?
– თავიდან, როგორც ბავშვების უმეტესობა, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობდი, მაგრამ გარდატეხის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რის გამოც ამ ოცნებაზე უარის თქმა მომიწია.

– ვინ არის შენი კერპი?
– ლეგენდარული ამერიკელი მკლავჭიდელი ჯონ ბზენკი.

– გავიხსენოთ შენი პირველი შეჯიბრი… 
– პირველად საქართველოს ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვედი და პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვე, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა შემდეგ გამოცდილ სპორტსმენებთან დავმარცხდი.

– ოდესმე თუ აგცრუებია გული მკლავჭიდზე?
– არასდროს.

– რა არის ამჟამად შენი სამომავლო გეგმები?
– ამჟამად მომზადებას ვიწყებ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ოქტომბერში ანტალიაში გაიმართება, ნოემბერში კი ყაზახ სპორტსმენ დიმიტრი ტრუბინთან 6–რაუნდიანი მატჩ–რევანში მელის.

– რჩევა დამწყებ სპორტსმენებს…
– როდესაც წარმატების მიღწევა გსურს, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სული და გული უნდა ჩადო, თორემ სხვაგვარად არაფერი გამოვა. არასდროს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა!