გაიცანი გულშემატკივარი: საბა საპანაძე

1065

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ჩემი კოლეგა, “ლივერპულის” გულშემატკივარი საბა საპანაძეა.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– ფეხბურთი ჩემ ოჯახში ყველას უყვარს, მამაჩემი დღემდე ყოველთვის უყურებს, “ბარსელონას “სტაჟიანი” გულშემატკივარია. შედეგად, მეც შემიყვარდა ფეხბურთი. 2007/08 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში “ლივერპულმა” 4:2 მოუგო “არსენალს”. ამის შემდეგ გავხდი მერსისაიდელთა გულშემატკივარი.
 
– საინტერესოა: რატომ “ლივერპული”?
– ბევრი ამ გუნდის ქომაგი სტამბულის ფინალის შემდეგ გახდა, მათ ახსოვთ “ლივერპულის” დიდებული წუთები. აი, მე, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ის მატჩი რომ “არსენალს” მოეგო, ლონდონელების გულშემატკივარი გავხდებოდი. ასეა – მერსისაიდელთა გულშემატკივარი ვარ და არ ვგრძნობ ამის გამო თავს დაჩაგრულად.
 
 
 
– როგორ ფიქრობ, რა მოხდა კიევში?
– უპირველესად, “რეალი” დღეს არის მსოფლიოს უძლიერესი გუნდი. მოიგო ძლიერმა, მაგრამ “ლივერპულს” ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, “რეალს” – არანაირი. ინგლისურ გუნდს სათადარიგოთა სკამიც არ ჰყავდა წესიერი, დაემტვრა მატჩის წინ ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე. ამას სალაჰის ტრავმაც დაემატა, რამაც გუნდი ძალიან არია. მეორე ტაიმში კარიუსის შეცდომამ “ლივერპული” ფსიქოლოგიურად გატეხა. ძნელია, მთელი შემადგენლობა სეზონის განმავლობაში წვალობდეს ფინალამდე მისვლაში, საქმეს კი ერთი კაცის დაუფიქრებელი მოქმედება გიფუჭებდეს.
 
 
 
– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ? როგორ შეაფასებდი მუჰამედ სალაჰს?
– ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, მით უმეტეს, გარემარბია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ მისი ასეთი სეზონი 70%–ით რობერტო ფირმინოს დამსახურებაა. ბრაზილიელი თავისი ოსტატობით ხშირად უხსნიდა ეგვიპტელს სივრცეს და მასაც ისღა დარჩენოდა, გაეტანა.
 
 
 
– რას შეცვლიდი გუნდში?
–სალაჰის და მანეს შემცვლელებს მოვიყვანდი, რთულ სიტუაციაში მათი ჩანაცვლება რომ შეძლებოდათ. ასევე მეკარეს მოვიყვანდი და ნახევარდაცვაში კი მოიყვანეს ფეხბურთელები.
 
 
 
– შენთვის გამორჩეული ყველა დროის 3 მერსისაიდელი…
–ჯერარდი, კიუიტი, აგერი.
 
 
 
– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
–ჯერარდი რომ თამაშობდა, ინგლისისკენ ვიყავი. წელს მინდა, მუნდიალი საფრანგეთმა ან ბრაზილიამ მოიგოს.
 
 
 
– ვის მიიჩნევ მუნდიალის ფავორიტად?
–გერმანიას, როგორც მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს და ბრაზილიას.
 
 
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– მესის შედევრი “ხეტაფესთან”, როცა მთელი გუნდი “მაწონზე გაუშვა”… რაც შეეხება პასს, გუტის გადაცემა ქუსლით ბენზემას მისამართით. ამ გადაცემის შინაარსი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის – გუტი გენიოსია.
 
– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც მოესწარი + მწვრთნელი…
–ბუფონი – ლამი, რამოსი, ჰუმელსი, მარსელო – ინიესტა, ჯერარდი, კროოსი – რონალდუ, დროგბა, მესი. მწვრთნელი სერ ალექსი.