რომელი მეკარეების გაბრწყინებას ველოდოთ მუნდიალზე?

419

სულ რაღაც ერთი კვირა და მთავარი საფეხბურთო ფორუმი სტარტს აიღებს – 14 ივნისიდან რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

მოდი, გადავხედოთ იმ გოლკიპერებს, რომელთაგან შესანიშნავ, დიდებულ თამაშს ველით…

დავიდ დე ხეა

მორიგი შესანიშნავი სეზონის შემდეგ დე ხეა უკვე მუნდიალისთვის ემზადება და ეს მისთვის ამ ტურნირზე თავის გამოჩენის პირველი შანსია. ბოლო წლებში ესპანელი ერთ–ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ მას კიდევ დიდი დრო აქვს და კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

მანუელ ნოიერი

მანუ უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და უკვე შესანიშნავ ფორმაშია! გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ თქვა, თითქოს, არც დაუსვენიაო. “ბარსელონას” მარკ–ანდრე ტერ შტეგენს მშვენიერი სეზონი ჰქონდა, მაგრამ იმავე კიოპკეს თქმით, როცა მანუელი ჯანმრთელადაა, თვითონ მარკმაც იცი, რომ განსაკუთრებული ვითარებაა. ნოიერი მოქმედი ჩემპიონი და გასული მუნდიალის ტრიუმფის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია.

ალისონ ბეკერი

“რომაში” პირველივე სეზონი დიდებულად ჩაატარა და აბსოლუტურად დაიმსახურა ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. მის კონკურენტად “მანჩესტერ სიტის” ედერსონ მორაეში ითვლება, თუმცა რუსეთში “სელესაოს” კარს სწორედ ალისონი დაიცავს.

უგო ლორისი

ალბათ ერთ–ერთი ყველაზე დაუფასებელი მეკარე. როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე “ტოტენჰემ ჰოთსპურში” უდიდესი სამუშაოს შესრულება უწევს და მიუხედავად ხანდახან დაშვებული ბავშვური შეცდომებისა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებს.

ტიბო კურტუა

ბელგიელთა ლიდერებად კევინ დე ბრუენი და ედენ აზარი გვევლინებიან, თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტიბო კურტუა, რომელიც, წესითა და რიგით, რობერტო მარტინესის გუნდისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა უნდა იყოს.

კასპერ შმეიხელი

პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გამორჩეული გოლკიპერი, რომელზეც თამამად შეიძლება ცნობილი ქართული გამოთქმის – “გენები მაინც თავისას შვრება” გამოყენება.

ჯორდან პიკფორდი

ყველასათვის მოულოდნელად, ჯო ჰარტი მუნდიალს მიღმა დარჩა, მის ნაცვლად კი ინგლისელთა კარს უნიჭიერესი გოლკიპერი, “ევერტონში” მოთამაშე ჯორდან პიკფორდი დაიცავს, რომელიც დამაჯერებლობითა და სწრაფი რეაქციით გამოირჩევა. 24 წლის პიკფორდისთვის ეს პირველი მუნდიალია, ნაკრებში პირველი სერიოზული გამოცდა მოუწევს და ამიტომაც, ყველანაირად თავის გამოჩენას ეცდება.

კეილორ ნავასი

“რეალის” ქომაგთა მხრიდან ხშირადაა კრიტიკის ქარ–ცეცხლში, მაგრამ სეზონის დასკვნითი ნაწილი დიდებულად ჩაატარა – ის, რომ “რეალმა” ნახევარფინალიდან “ბაიერნი” გააგდო, ეს დიდწილად სწორედ კოსტა–რიკელის დამსახურებაა. ნავასმა წინა მუნდიალზეც მშვენივრად იასპარეზა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ მასპინძელთა გოლკიპერი იგორ აკინფეევი, პორტუგალიელი რუი პატრისიუ და კოლუმბიელი დავიდე ოსპინა; ასევე ვილი კაბალიერო, რომელსაც მუნდიალზე თამაშის საშუალება სერხიო რომეროს დაშავებამ მისცა. “ჩელსის” მეკარე ისეთი მოთამაშეა, მისგან როგორც ეფექტურ სეივებს, ასევე ბავშვურ შეცდომებსაც უნდა ელოდო.