მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმაკოსმიდან შესაძლო გარიცხავზე კომენტარი გააკეთეს

954

სამინისტრომ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ყველა ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეული. სამინისტრომ თუ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე ამ პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რამდენადაც არსებობს წესდება, დებულება, რომელიც ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აქვთ დამტკიცებული.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მთელი პროცედურები, მათ შორის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მაინც თავად ფედერაციამ უნდა ჩაატაროს, თუმცა შინაარსობრივ ნაწილში, ბუნებრივია, რომ სამინისტრო ჩართული იქნება”, – განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის შესაძლო გარიცხვას, გიორგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არაა და მისი უწყება ფედერაციასთან კონსულტაციებში ჩართული იქნება.

“ბატონი შოთა ხაბარელი არ გაურიცხავთ აღმასკომიდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი აღმასკომის გადაწყვეტილებით თითქოს უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვექნება ფედერაციასთან. ჯერ არ მქონია ფედერაციასთან და აღმასკომთან საუბარი ამ თემაზე. მე პირველ რიგში მაინტერესებს ის მოტივაცია, რის გამოც ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა იყო აღნიშნული”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შოთა ხაბარელის ძიუდოს ფედერაციიდან შესაძლოა გარციხვიდან დაკავშირებით კომენტარი ასევე მიხელ ყაველაშვილმა გააკეთა.

არსებობს წესები და ვალდებულებები და კეთილი ვინებოთ და მათ პატივი ვცეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ძიუდოს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს.

ყაველაშვილი არ საუბრობს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დეპუტატების განსახილველი არ არის.

“ამ თემაზე, ალბათ, თვითონ ძიუდოს ფედერაციის ფორმატში შეიძლება იკითხოთ, ვინაიდან ეს უშუალოდ არ ეხება ჩვენს კომიტეტს და პარლამენტს. შოთა ხაბარელი აღმასკომის წევრია და ეს შიგნით სასაუბროა. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ყოველთვის მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, რომ ყველა ჩვენგანმა, მიუხედავად დამსახურებისა, წარმატებისა და ა.შ., უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ არსებობს წესები და არსებობს ვალდებულებები და კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ ამ წესებსა და ვალდებულებებს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.