ლუკა ტონის რჩევა ,,ბაიერნს”

443

ყველამ იცის, რომ რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს. ამის შესახებ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებიც ინფორმირებულები არიან და, მართალია, პოლონელი გოლეადორის გაშვება არ სურთ, მაგრამ დიდი ალბათობით, მოუწევთ, რადგან ლევანდოვსკის რეკორდმაისტერში დარჩენა აღარ სურს.

ბავარიელებმა მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს – რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გერმანიის ნაკრებისა და ლაიპციგის ფორვარდი ტიმო ვერნერია. მართალია, ეს უკანასკნელიც ცენტრალური თავდამსხმელია, მაგრამ თამაშის მისი სტილი ლევანდოვსკის სტილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბაიერნის ახალ მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს კი კლასიკური 9 ნომერი სურს. “შპორტ ბილდის” ინფორმაციით, ბაიერნი მილანის ინტერის არგენტინელ გოლეადორზე, მაურო იკარდიზე ფიქრობს, რომელიც 29 გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა (ლაციოელ ჩირო იმობილესთან ერთად).

“ჩემი აზრით, მაურო იკარდი ბაიერნისთვის იდეალური თავდამსხმელი იქნებოდა!” – ლუკა ტონი

იკარდის შეძენა ბაიერნს ყოფილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ ურჩია: “ჩემი აზრით, მაურო იკარდი ბაიერნისთვის იდეალური თავდამსხმელი იქნებოდა. არგენტინელი ძალიან ძლიერია და თანაც, ახალგაზრდაა,” – აცხადებს ტონი “შპორტ ბილდთან” ინტერვიუში და იქვე დასძენს, რომ ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს ადგილზე რომ იყოს, წასვლის სურვილის მქონე ლევანდოვსკის გუნდში აღარ დატოვებდა: “როცა ფეხბურთელს გუნდიდან წასვლის სურვილი აქვს, უნდა გაუშვა, რადგან მის ძალდატანებით შენარჩუნებას აზრი ეკარგება!” – მიაჩნია, 41 წლის ტონის, რომელსაც ბაიერნის ფორმით გოლები 2007-დან 2010 წლამდე გაჰქონდა.

ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ჩანს. “შპორტ ბილდი” წერს, რომ 29 წლის პოლონელმა ჰიონესს გაშვება ჯერ კიდევ აპრილში, პირადად სთხოვა. ლევანდოვსკის მადრიდის რეალში გადასვლა სურს – განსაკუთრებით მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა “სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. საქმე ისაა, რომ ზიზუ ლევანდოვსკის ფანად არ მიიჩნეოდა.

ბაიერნის ხელმძღვანელები ლევანდოვსკის თემაზე ბოლო დღეებში აღარ საუბრობენ, მანამდე კი ნათქვამი ჰქონდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდნენ. “შპორტ ბილდი” წერს, რომ რეკორდმაისტერი პოლონელის მსურველ კლუბთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუჯდება, თუ ვაჭრობა 200 მილიონი ევროდან დაიწყება…

წყარო: popsport.com