საქართველოს პირველი ჩემპიონი – ერეკლე გურჩიანი

2894

საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე EUROARM2018 ჯამში 47 მედალი მოიპოვა – 21 ოქრო, 14 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ საქართველოს პირველ ჩემპიონს, პარამკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტ ერეკლე გურჩიანს დავუკავშირდით…

– პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას და შევაფასოთ ტურნირი…
– უღრმესი მადლობა. უმაღლესი დონის შეჯიბრი იყო, რომელზეც ძალიან წარმატებულად ვიასპარეზეთ და გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, ძალზე კმაყოფილნი ვართ.

– როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონ ლევან საგინაშვილს?
– ლევანი უმაღლესი დონის სპორტსმენია. როცა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ ძალიან მონდომებულად ვარჯიშობდა. ახლა იგი უდიდესი პროფესიონალი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია. დიდი იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს.

– შენი ხედვით, დღეს რა სიტუაციაა ქართულ მკლავჭიდში?
– წინა თაობიდან მოყოლებული დღემდე ქართულ მკლავჭიდს ძალიან ბევრი გამარჯვება ახსოვს. საქართველოში სპორტის ეს სახეობა თითქმის ყველამ იცის, რაც იმის მანიშნებელია, რომ პოპულარულია. მთავარია ფინანსები, მენეჯმენტის ამბავში ბევრია გასაკეთებელი. სპორტსმენები გვყავს, მაგრამ სამუშაო, რასაკვირველია, ბევრია.

– 2010 წელი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტობა…
– მაშინ საერთოდ არაფერი არ იყო და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მწირი დახმარება გვქონდა. მე და ჩემმა თაობამ კარიერა ისე დავასრულეთ, რომ მუდამ ენთუზიაზმზე ვიყავით. ჩემი მონდომებითა და ინიციატივით, სპონსორები ვიშოვე და ნელ–ნელა განვითარება დავიწყეთ. მაშინ დარბაზები გავაკეთეთ და გაკეთდა პრემიები, სტიპენდიები; 40–ზე მეტი მაგიდა რეგიონებში დავარიგე; სექციები გავხსენით და ა.შ. მაშინ რომ არ ჩამეყარა საფუძველი და მაშინდელ ფედერაციას არ გვეზრუნა, დღეს მკლავჭიდი ასე არ იქნებოდა.

– როგორ დაიწყო ერეკლე გურჩიანისა და მკლავჭიდის ურთიერთობა?
– მე საქართველოს პირველი ჩემპიონი ვარ. 1989 წელს მძიმე წონაც მოვიგე და აბსოლუტურიც – ამ უკანასკნელის ფინალში ზაურ ცხადაძეს შევხვდი. 1991 წელს მე და ზაური ისრაელში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. საინტერესოა, რომ მე 90კგ–ში გამოვდიოდი, ზაური – უფრო მძიმეში. ჩემი შეჯიბრი რამდენიმე საათით ადრე იყო და ამიტომ, ისტორიაში შევედი, როგორც პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი. იქედან მოყოლებული, ბევრჯერ მოვიგეთ მსოფლიო და ევროპა. პირადად მე 8–ჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო, 14–ჯერ კი ევროპა.

– როგორ ფიქრობ, პარამკლავჭიდის ფედერაციაში რა არის გამოსასწორებელი?
– ეს ფედერაცია სულ 5 წლისაა, 2013 წელს ჩემი ინიციატივით ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ – როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, ისე შედეგებზე და ამაზე უდიდესი სამუშაო გავწიეთ. იყო შემთხვევები, როცა მწვრთნელის როლშიც დავხმარებივარ ბიჭებს, ვინაიდან ინდივიდუალური ყურადღება საჭიროა. 2015 წლიდან ევროპის და მსოფლიოს პრიზიორები ვიყავით, წელს უკვე – ჩემპიონები. ეს, რასაკვირველია, ძალიან დიდი შრომის შედეგია. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. არ უნდა იყოს შიდა დაპირისპირებები. ვიღაცები ცდილობენ, რომ გარედან ხელი შეგვიშალონ მუშაობაში.

– სამომავლო გეგმები…
– შემოდგომაზე ანტალიაში გველის მსოფლიო ჩემპიონატი და უნდა მოვემზადოთ. ბევრი ვარჯიშია საჭირო.

– შენი აზრით, მაინც რა არის მთავარი მკლავჭიდელისთვის – ფიზიკური მონაცემები თუ მენტალური სიძლიერე?
– ადამიანს ყველაფერი ერთად ვერ ექნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, სპორტსმენმა თავის თავზე უნდა იმუშაოს, მის მინუსებზე კი ფედერაციამაც უნდა იზრუნოს, თუმცა მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მომზადებას. არის კატეგორია სპორტსმენებისა, რომლებიც დარბაზში ყველაფერს კარგად აკეთებენ, მაგრამ საერთაშორისო შეჯიბრზე თავისებურ ხასიათს ვერ ავლენენ.

– ერეკლეს რჩევა დამწყებ სპორტსმენებს…
– შრომის გარეშე შედეგი არ მოდის – ეს ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელს ეხება. არის გამოთქმა “თავს ზემოთ ძალა არაა”, მაგრამ თუ ნიჭიერიცაა და ფიზიკურად ძლიერიც, მაშინ შრომა უნდა დაუმატოს. აუცილებლად დაუჯერონ მწვრთნელს და იყვნენ მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი.