3 კლუბი, სადაც შესაძლოა რონალდუ გადავიდეს

469

აქტიური საუბარი მიდის, რომ შესაძლოა კრიშტიანო რონალდუმ ,,რეალი” დატოვოს და მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს.

1.მანჩესტერ იუნაიტედი – “მანჩესტერ იუნაიტედი” ის კლუბია, სადაც რონალდუ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და რომელიც პორტუგალიელს საკუთარ სახლად არაერთხელ მოუხსენებია. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “წითელი ეშმაკები” დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის ჩემპიონის უკან დაბრუნებით, რისი წინააღმდეგიც არც თავად რონალდუ უნდა იყოს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ ინგლისი ენატრება და ახლა, როდესაც მადრიდის “რეალიდან” მისი წასვლის საკითხი დადგა, “მანჩესტერი” ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად მოჩანს.

2.პსჟ – ნეიმარის რეკორდული ტრანსფერის შემდეგ, პსჟ-მ საბოლოო განაცხადი გააკეთა გრანდობის გზაზე, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ვერ შეძლო, რაშიც ხელი “რეალმა” და, პირველ რიგში, კრიშტიანუ რონალდუმ შეუშალა. როგორც ჩანს, პსჟ-ს უკვე თავის რიგებში სურს პორტუგალიელის ხილვა, რომელმაც “სამეფო კლუბის” ზედიზედ სამჯერ გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ამ ტრასნფერის საინტერესო ნაწილია “რეალის” ინტერესი ნეიმარისადმი, რომელზეც მსოფლიო პრესა ბოლო თვეებში აქტიურად წერს. შესაძლოა, ესპანურ და ფრანგულ გრანდებს შორის ერთგვარი ბარტერი განხორციელდეს.

3.იუვენტუსი – კიდევ ერთი გრანდი, რომელიც დაინტერესებულია რონალდუს საკუთარ რიგებში ხილვით – ტურინის “იუვენტუსია”. იტალიელები დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რის მისაღწევადაც მნიშვნელოვან წინაპირობად მათ პორტუგალიელი ვარსკვლავის გადმობირება ესახებათ.

იტალიური პრესის ცნობით, “იუვენტუსში” მიმდინარე წელს ცვლილებები იგეგმება. გუნდი, შესაძლოა, ისეთმა ფეხბურთელებმა დატოვონ, როგორებიც იგუაინი და დიბალა არიან, “ბებერ სინიორას” კი მათი შემცვლელები აუცილებლად დასჭირდება.

წყარო: adjarasport.com