ახალი ინგლისი (ნაწილი 4)

388

ისტორიული პანორამა

ინგლისის ნაკრების წარუმატებლობას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სხვადასხვა გადაცემებში რამდენიც არ უნდა მოისმინოთ ამ საქმეში პრემიერლიგის, ლეგიონერების, ინგლისელი მწვრთნელების და გადატვირთული სეზონის დანაშაულზე… იცოდეთ, რომ ყველაფერი აბსურდია!

პრემიერლიგა 1992 წელს შეიქმნა და ინგლისის ნაკრები 1992-მდეც წარუმატებელი იყო; ორი სათასო სისტემით თამაში 1960 წელს დაიწყეს და ინგლისის ნაკრები 1960-მდეც წარუმატებელი იყო; უცხოელ მწვრთნელებზე, ფაბიო კაპელოზე და სვენ გორან ერიქსონზე საშინელება ერთადერთი ინგლისელი – სტივ მაკლარენი იყო;  ლეგიონერები კუნძულზე, მასიურად 90-იანების შუახანებში გამოჩდნენ და ინგლისის ნაკრები 90-იანებამდეც წარუმატებელი იყო.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

„ფეხბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ჭამის დროს ვესაუბრებოდით…“ – იხსენებს სტივენ ჯერარდი.

„სამზარეულოშიც ცალკე მაგიდებზე ვისხედით – ლივერპულელები ცალკე, იუნაიტედის მოთამაშეები ცალკე, ლონდონელები ცალკე. ეს კლანური დაყოფა, შემდეგ მოედანზეც გვეტყობოდა.“ – ეს არც პრემიერლიგის ბრალია, არც გადატვირთული გრაფიკის და მითუმეტეს არც ლეგიონერების.

ეს ინგლისური საზოგადოების პრობლემაა, სადაც ვიწრო საკლუბო და კუთხური ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ეს ფენომენი ბრიტანულ პრესას დახვეული აქვს და სათავისოდ კარგად იყენებს, კარგად იყიდება. ნებისმიერი სახის სკანდალი (თუნდაც 100% მოგონილი) იუნაიტედის ფეხბურთელზე – მერსისაიდში და ლონდონში სრულ აჟიოტაჟს იწვევს. ასევე პირიქით. ინგლისის ნაკრები კარგად მაშინ თამაშობს, როდესაც გუნდში სიტუაცია დალაგებულია და ყველამ თავისი ადგილი იცის, რაც არცთუ ისე ხშირად ხდება.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ალფ რამსიმ მეთორმეტე ადგილზე გასული ვესტ ჰემის ფეხბურთელებით მოიგო. მაშინდელი ჰარი კეინი, დიდი ბომბარდირი და ნაკრების სიმბოლო, გამოცდილი ჯიმი გრივსი გუნდს არ გააკარა, სამაგიეროდ  წინ გუნდელებისთვის კარგად ნაცნობი ჯეფრი ჰერსტი დააყენა, რომელიც დღემე ფინალში ჰეთ-თრიკის გამტანი ერთადერთი ფეხბურთელია.

რამსის გუნდის შემდეგ, ინგლისელების მუნდიალზე ერთადერთი წარმატება 1990 წლის ბობი რობსონის ნაკრებს უკავშირდება, სადაც, ჟოზე მოურინიოს და ანდრე ვილაშ-ბოაშის აღმზრდელის გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა.

სარდინიაზე გამოკეტილმა რობსონმა სწორ ტაქტიკურ გადანაცვლებას უშუალოდ ტურნირზე მიაგნო, როდესაც მარკ რაიტი ლიბეროზე დააყენა. ამ სიახლემ გუნდი დაალაგა, თუმცა შემდეგ ბრაიან რობსონი დაიმტვრა და ინგლისი ნახევარფინალამდე წვალებით მივიდა. მაგრამ ამ გუნდის მთავარი ღირსება არც მარკ რაიტის „სვიფერობა“ და არც ბრაიან რობსონი იყო – ამ გუნდის ძლიერი მხარე, სწორედ ის ატმოსფერო გახლდათ, რასაც რობსონი წლების განმავლობაში ეროვნულ გუნდში ქმნიდა.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

ფეხბურთის ასოციაცია გამოსავალს სწორედ იმ სიტუაციის გამოსწორებაში ხედავს, რაზეც ზევით სტივენ ჯერარდი საუბრობდა. სწორედ ამის გამო დაიწყეს კამპანია „ახალი ინგლისი“ რომელიც მოქალაქეებს აჩვენებს, რომ ეს ერთმანეთის მოძულე ფეხბურთლებით დაკომპლექტებული გუნდი აღარ არის. შემადგენლობის დასახელებაც სწორედ ასეთი, სოციალური ხასიათის მქონე კლიპით გადაწყვიტეს, სადაც სკოლის მოსწავლე ბავშვები, ფეხბურთელებს საკუთარი უბნებიდან წარადგენენ.

„როდესაც სენტ ჯორჯის მშენებლობა დავიწყეთ, 10 ქვეყანა მოვიარეთ…“ – იხსენებს ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი დენ ეშვორტი. „7 ევროპული და 3 სამხრეთ ამერიკული მოდელი შევისწავლეთ. ამ პროცესში ორი რამ ნათლად გამოჩნდა: 1. ახალგაზრდული გუნდების წარმატება პირდაპირ კავშირშია დიდი ნაკრების წარმატებასთან;  2. ეროვნული გუნდის წევრების უმრავლესობას ასაკობრივ დონეზე 50-60 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ჩვენთან ეს რიცხვი 20-30 არ აღემატებოდა.“

გარეტ საუთგეიტს არც პოლ გასქოინი ჰყავს მისახედი და არც გარი ნევილის და ჯეიმი კარაგერის შერიგებაზე ზრუნვა უწევს. მან უბრალოდ სწორი, მკაფიო და გამოცდილებაზე აგებული დავალებები უნდა მისცეს ახალი თაობის ინგლისლებს, დანარჩენი – გაქცევა, დარტყმა და კაცის მოტყუება, ამ ბავშვებს არ ეშლებათ.

წყარო: popsport.com