საქართველო 16-15 ტონგა (VIDEO)

368

ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ – 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა “ბორჯღალოსნებმა” (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს “ბორჯღალოსნები” ფიჯის შეხვდებიან.