უდიდესი პროფესიონალი უდიდესი ღირსებით – მიროსლავ კლოზე

796

შეიძლება, ფეხბურთელს საკლუბო კარიერა ისე ვერ აეწყოს, როგორც სურდა ან უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს სანაკრებო დონე, სადაც თავის გამოჩენა ორმაგად გევალება, რადგან საქმე შენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით თამაშს ეხება.

შეიძლება, არ იყო გამორჩეული გასაოცარი ტექნიკით, დრიბლინგით, სისწრაფით ან ყუმბარისებული დარტყმით, მაგრამ სამაგიეროდ, გქონდეს დაყენებული, ზუსტი დარტყმა; გოლის საოცარი ალღო, პოზიციის შერჩევნის უნარი და შეგეძლოს თავით იდეალურად თამაში.

მიროსლავ კლოზე – უდიდესი პროფესიონალი უდიდესი ღირსებით. ამ ყველაფერზე ეს ვიდეოც მეტყველებს:

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და სიმბოლურია, რომ რეკორდი ბრაზილიაში ბრაზილიელთა წინააღმდეგ დაამყარა – ქვეყანასთან, რომლისგანაც 2002 წელს მუნდიალის ფინალში უდიდესი ტკივილი მიიღო.

კარიერა 2016 წელს “ლაციოში” დაასრულა, სადაც კარიერის ერთ–ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა. გავიხსენებ პირველივე რომაულ დერბის, როცა “ბიანკოჩელესტეს” “რომასთან” ბოლო წამებზე მოაგებინა. მიროს გამო მეც ისე გამიხარდა, როგორც ყველა “ლაციალეს”.

კლოზეს ბოლო სეზონში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც გერმანელი მარტო იყო ბაზაზე და დამატებით ვარჯიშობდა – აი, ასეთი პროფესიონალია მირო. ეს ამბავი ნებისმიერისთვის სამაგალითოა, განსაკუთრებით ქართველი ფეხბურთელებისთვის.

მიროს 40 წელი შეუსრულდა… ამჟამად გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის თანაშემწეა და რუსეთის მუნდიალისთვის მწვრთნელის ამპლუაში ემზადება.