ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ითამაშებს

547

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ლუკას ჰუფნაგელი დიდი ალბათობით ”ფრაიბურგში” დაბრუნდება. 24 წლის ნახევარმცველმა გასული წელიწადნახევარი განათხოვრებით ”ნიურნბერგში” გაატარა, თუმცა ტრავმების გამო მეორე ბუნდესლიგის მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჰუფნაგელის გადაბირება მეორე ბუნდესლიგის ორ კლუბს სურს. მათ შორისაა ”ჰოლშტაინ კილი,” რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში აღზევებასთან ახლოს იყო და ფლეი-ოფში ”ვოლფსბურგთან” დამარცხდა.

ქართველ ფეხბურთელს ”ფრაიბურგთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და მთავარ მწვრთნელ კრისტიან შტრაიხს ჰუფნაგელის ხილვა თავის გუნდში სურს.

ლუკას ჰუფნაგელი მიუნხენის ”ბაიერნის” 17 წლამდე გუნდში ირიცხებოდა, 2012-2015 წლებში კი გერმანიის მესამე ლიგის “უნტერჰახინგში’’ ასპარეზობდა,  რომელსაც წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე წვრთნიდა. ლუკამ მესამე ლიგის 47 მატჩში 4 გოლი შეაგდო, 2015 წლის ზაფხულში კი “ფრაიბურგის’’ ფეხბურთელი გახდა.

”ფრაის” მაისურით სადებიუტო სეზონში გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ბუნდესლიგაში აღზევდა. აღნიშნულ სეზონში ჰუფნაგელმა კრისტიან შტრაიხის გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ბილეფილდის ”არმინიას” შეუგდო. 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში ჰუფნაგელი ”ფრაიბურგის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში არ უთამაშია და უკანასკნელი წელიწადნახევარი ”ნიურნბერგში” გაატარა.

ლუკას ჰუფნაგელი საქართველო 17 და 19 წლამდე ნაკრებების ყოფილი წევრია, ეროვნულ ნაკრებში კი ორი მატჩი ჩაატარა. უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის წინააღმდეგ ბელგრადში ითამაშა.