4-0

330

ამჟამად ESPN–ის ანალიტიკოსად მომუშავე სტენ ვან განდიმ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი ფინალური სერიის წინ განაცხადა, პირადად ჩემთვის უდიდესი მოულოდნელობა იქნება, თუკი “კლივლენდ კავალიერზი” “გოლდენ სტეიტ უორიორზს” საჩემპიონო სერიაში თუნდაც ერთხელ მაინც დაამარცხებსო. გამოცდილი სპეციალისტის პროგნოზი ახდა – ოკლენდელმა “მეომრებმა” ლებრონი და მისი პარტნიორები “მშრალად”, 4:0 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ნბა–ს საჩემპიონო ბეჭდები. პრინციპში, ვან განდი ერთადერთი ნამდვილად არ ყოფილა, ვინც “გოლდენ სტეიტის” საბოლოო ტრიუმფს წინასწარმეტყველებდა, წლევანდელ საფინალო სერიში კი გადამწყვეტი ოკლენდში ჩატარებული პირველი მატჩი გამოდგა. “კლივლენდ კავალიერზმა” ძირითად დროში ხელიდან გაუშვა მოგების კარგი შესაძლებლობა, ოვერტაიმში კი კალიფორნიელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს. ამის შემდეგ სერიის დარჩენილი სამი პაექრობა ლამის ინერციით გაგრძელდა. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა გახლდათ. უკვე მესამე პერიოდის მსვლელობისას თვალნათლივ გამოჩნდა, რომ “გოლდენ სტეიტს” ვერც ლებრონი შეაჩერებდა, მით უმეტეს, სხვა კლივლენდელი კალათბურთელები და “მეომრები” ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში მესამედ გახდებოდნენ ნბა–ს ჩემპიონები.

37 ქულით ასპარეზობის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სტეფ კარი გახდა, რომელმაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ზედიზედ 90–ე საპლეიოფე შეხვედრაში მოახერხა სამქულიანის ჩაგდება. 20 ქულით, 12 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა კევინ დურანტმა, რომელიც მიჯრით მეორედ საჩემპიონო სერიის MVP გახდა.

ზაზა ფაჩულია პარკეტზე საფინალო სირენამდე ორი წუთითა და 47 წამით ადრე გამოჩნდა. ქართველმა მეფარემ 2 ქულა (ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორქულიანი ააცილა) და ერთი მოხსნა (დაცვისას) შეასრულა. ზაზამ 2017/18 წლის სეზონში არაერთი შეხვედრა დაიწყო “გოლდენ სტეიტის” სასტარტო შემადგენლობაში (რეგულარული პირველობის სტარტზე) და ზედიზედ მეორედ მოირგო საჩემპიონო ბეჭედი!

ნბა–ს ჩემპიონის ტიტულთა რაოდენობით (6) “გოლდენ სტეიტი” “ჩიკაგო ბულზს” გაუთანაბრდა. ყველაზე მეტჯერ კი ასოციაციის ჩემპიონები “ბოსტონ სელტიკსი” (17) და “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” (16) გამხდარან.

წყარო: adjarasport.com