გაიცანი გულშემატკივარი: გია ქიმუცაძე

671

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის “ტორპედოს” თავგადაკლული გულშემატკივარი გია ქიმუცაძეა, რომელიც ასევე “ჩელსის” ქომაგია.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– 2002 წელი იყო, როცა “ტორპედოს” თამაშზე პირველად მივედი, იქამდე ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებდა. საქართველოს ჩემპიონის ბედი წყდებოდა იმ მატჩში – ქუთაისში “ტორპედო” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. 13 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს გადაჭედილი ტრიბუნები და ადამიანები, რომლებიც ტაბლოს თავზე და განათების ბოძებზე იყვნენ ასულები, რათა ენახათ ეს დიდებული მატჩი. შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით 1:0 დასრულდა. “ტორპედოს” ლეგენდამ მალხაზ ასათიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ქუთაისი ჩემპიონი გახდა. მახსოვს ათასობით მოედანზე შეჭრილი ადამიანი როგორ ზეიმობდა დიდ გამარჯვებას; მახსოვს ქალაქის ქუჩებში დიდი ჟრიამული და ბედნიერება. მაშინ მივხვდი, რომ ფეხბურთი – ეს მხოლოდ სპორტი კი არა, ცხოვრებაა.
 

– საიდან შეგიყვარდა “ტორპედო” და “ჩელსი”?
– “ტორპედო” სწორედ იქედან შემიყვარდა და ხშირად დავდიოდი თამაშებზე, თუმცა ფან–კლუბის წევრი 2010 წელს გავხდი და მას მერე აქ ვარ. რაც შეეხება ლონდონის “ჩელსის”, ამ კლუბს 2005 წლიდან ვქომაგობ, როცა ლონდონელებმა “ბარსელონას” 4:2 მოუგეს. მაშინ “ჩელსიმ” საოცარი ფეხბურთი ითამაშეს, რამაც ძალიან მომხიბლა და მოვიწამლე ამ გუნდით. განსაკუთრებულად ჯონ ტერის დამსახურებაა, რომ “არისტოკრატების” გულშემატკივარი ვარ.
 

– რა რეაქცია გქონდა, როცა როინ კვასხვაძემ ოთარ კიტეიშვილს გადამწყვეტი პენალტი აუღო?
– ოოო, კვასხვაძის სეივი! ეგ არის ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადრენალინი, ემოცია, სიხარული, ბედნიერება, რაც განვიცადე. 14 წელი ველოდით ჩემპიონობას. როცა “ტორპედომ” სეზონი კარგად დაიწყო და საჩემპიონო მარათონში ჩაება, მაშინ ფან–კლუბის წევრებს ვუთხარი, რომ თუ “ტორპედო” ეროვნულ ლიგას მოიგებდა, რაიმე ტატუს გავიკეთებდი აღსანიშნავად რაც ჩემპიონობასთან კავშირში იქნებოდა. თამაში დაძაბული გამოდგა, 1:0–ს ვიგებდით თამაშს. მოგებას და ნანატრ ჩემპიონობას წამები გვაშორებდა და ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა ჩვენს კარში. უცებ ისეთი გრძნობა დამეუფლა, მეგონა სამყარო თავზე დამექცა, სისხლი გამეყინა და მეგონა ყველაფერი დასრულდა, გულწრფელად გეტყვით, არ მჯეროდა, რომ “კვასხვა” პენალტს აიღებდა, ზურგით შევტრიალდი, დავიჩოქე და ლოცვა დავიწყე. უცებ რაღაც არაამქვეყნიური ხმაური ვიგრძენი ჩვენ ტრიბუნაზე – გავიხედე და დავინახე ის, რისი დანახვაც ყველაზე მეტად მსურდა. იმ დროს “ტორპედო” ჩემპიონობას ზეიმობდა. ძნელია აღვწერო დეტალურად ის გრძობები. იმ ღამეს, რა თქმა უნდა, საოცარი ზეიმი და სიხარული იყო.
 

– როგორც ცნობილია, მას შემდეგ მხარზე სწორედ ეს მომენტი ამოისვირინგე…
– მეორე დღეს ტატუს სალონში წავედი და ბევრი არც მიფიქრია თუ რას დავიხატავდი გულთან ახლოს და რასავირველია, კვასხვაძის ეს ლეგენდარული სეივი იყო. კაპიტანი ძალიან გაახარა ჩემმა საქციელმა. თასის ფინალზე “ჩიხურასთან” ჩემთან მოვიდა და ზუსტად ის მაისური და კაპიტნის სამკლაური მაჩუქა. რომელიც იმ თამაშზე ეცვა, სადაც “კიტეს” პენალტი აუღო. ინტერვიუში კი თქვა, რომ ეს ტატუ მის ცხოვრებაში იყო ყველაზე დიდი საფეხბურთო საჩუქარი.

 

– რას შეცვლიდი გუნდში?
– მე ყველა ფეხბურთელის მადლობელი ვარ, ჩვენ თითქმის ანალოგიური გუნდი გვყავს, რაც შარშან – ჩემპიონი გუნდი ჩემპიონი მწვრთნელით. არავის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ,  რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის რამდენიმე ლეგიონერია საჭირო. სხვას არაერს შევცვლიდი.
 

– გაქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის იმედი?
– ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ტკბილ სიზმარს უფრო ჰგავს, თუმცა მე ყოველთვის მაქვს ჩემი გუნდის იმედი და ნებისმიერი შედეგის მიუეხედავად #ჩვენვართტორპედო. მჯერა, რომ ღირსეულად გამოვალთ და დავიცავთ ქართული ფეხბურთის პრესტიჟს – ამის დიდი იმედი მაქვს.
 

– რას იტყვი “ჩელსის” განვლილ სეზონზე?
 სეზონი ჩავარდა. გუნდმა შეცდომა დაუშვა, როცა ზაფხულში დიეგო კოშტა გაუშვა და მოიყვანა მორატა. FA CUP–ის მოგება და ფინალში ჟოზეს “მანჩესტერის” დამარცხება კარგია, თუმცა ლიგაზე ვერგასვლა საშინელებაა, მაგრამ აქ მე პირადად ის მანუგეშებს, რომ ევროპის ლიგის ფინალი ბაქოშია და თუ “ჩელსი” იქ გავა, კიდევ ერთხელ წავალ და ვნახავ “ლურჯების” თამაშს ტრიბუნიდან.

 
– როგორ ფიქრობ, გუნდმა აქცენტი ევროპალიგაზე უნდა გადაიტანოს თუ პრიორიტეტები გაანაწილოს?
– არ ვფიქრობ, რომ ევროპალიგაზე უნდა გადაერთოს მხოლოდ და რისკის ქვეშ დააყენოს ისევ ლიგაზე თამაში. აგერ, ვნახეთ რა მოუვიდა წელს “არსენალს”. ევროპის ლიგა არაა იმ დონის ძლიერი ტურნირი, რომ პარარელურად პრემიერ ლიგაში ვერ შეძლოს გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა.
 

– რა გრძნობა იყო 2012–ში ნანატრი თასის მოგება?
– 2012 წლის ფინალზე სტამბულში ვიყავი და “ფენერბაჰჩეს” ფან–ბარში ვუყურებდი. იმ თამაშში 3–ჯერ მოვკვდი: 1)როცა მიულერმა გაიტანა; 2)როცა დროგბამ დამატებითში პენალტი “აიკიდა”; 3)როცა პენალტების სერიაში მატამ გააფუჭა, თუმცა საბოლოო ჯამში, ოცნება ახდა და მეორე დღეს რომ მივედი ფან–ბარში, ყველას ჩემი ვიდეოები ჰქონდა ტელეფონში და უკვირდათ თუ უცხოური გუნდის გამო ამხელა ემოკციებში როგორ ვიყავი. 2008 წელს ტერიმ რომ ააცილა ლიგის ფინალში 1 კვირა ვტიროდი – ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან მჭირდებოდა. თან, გამარჯვებასაც ხოგააჩნია არა ? ჯერ ნაპოლისთან რა ქამბექი მერე კამპნოუზე დამარცხებული ბარსა , და ფინალში კიდე მისსავე ალიანს არენაზე დამარცხებული ბავარია ეს ნამდვილი ორგაზმი იყო ჩელსიმ აწი როვერასდროს მოიგოს ლიგა მე ეგეც მეყოფა და სულ ტკბილად გავხისენებ 2012 წელს.
 

– შენთვის გამორჩეული 3 ლონდონელი…
– რთულია, მაგრამ ტერი, ლამპარდი და დროგბა.
 

– სანაკრებო ფეხბურთში იტალიას ქომაგობ. რას დააბრალებდი მუნდიალზე ვერგასვლას?
– მუნდიალზე ვერგასვლას პირველ რიგში, თაობათა ცვლას დავაბრალებ. იტალიას ყოველთვის დიდი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა ამჯერად ეს ასე არაა. ძალიან სუსტი თაობა მოდის, მაგრამ შვედეთთან ფლეი–ოფის ვერდაძლევა მთლიანად მწვრთნელის ჯანპიერო ვენტურას ბრალია.
 

– შენი აზრით, ვინ იქნება მუნდიალის ფავორიტი?
– მუნდიალის ფავორიტი ჩემი აზრით, ბუნდესნაკრებია. იოახიმ ლიოვი დანარჩენ 31 მწვრთნელზე ერთი თავით მაღლა დგას და მას ჰყავს ყველაზე გუნდური, მებრძოლი და ცივსისხლიანი ნაკრები. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ზედიზედ ორჯერ არ მოაგებინებენო, მაგრამ ასე ვამბობდით “რეალზეც” და ზედიზედ 3–ჯერ მოიგეს.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
–  ძნელია ასე გამოყოფა, მაგრამ ოლივიე ჟირუს გოლი “კრისტალ პალასის” კარში – ასეთი სილამაზის არაფერი მინახავს. რაც შეეხება პასს, ალბათ ლამპარდის არაამქვეყნიური გადაცემა დიდიე დროგბაზე “მანჩესტერ სიტისთან”. ის მატჩი “ჩელსიმ” 6:0 მოიგო.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც მოესწარი…
– მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი; მარჯვენა მცველი ხავიერ ძანეტი, მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი; შუა მცველები: პაოლო მალდინი და ჯონ ტერი. ჩამშლელი: კლოდ მაკელელე; ნახევარმცველები: ფრენკ ლამპარდი და პაველ ნედვედი; სამი შემტევი წინ – შუაში ფენომენო და ფლანგებზე რონალდინიო და ლეო მესი. მწვრთნელ კახა ჩხეტიანი.