დიქსონი მაკფადენმა შეცვალა

696

2019 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშის რანგში, მაიკლ დიქსონის ნაცვლად, ტადუს დევეინ მაკფადენი (სიმაღლე 1.88 მ. წონა 82 კგ.) დაეხმარება. ამ მოულოდნელი ინფორმაციას bblprofis.de ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 31 წლის მაკფადენმა, რომელიც კომბო-გარდის ფუნქციებს ასრულებს, საქართველოს პასპორტი უკვე მიიღო და ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსებას უახლოესი 3 წლის განმავლობაში დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ დიქსონმა სეზონი თურქეთის მე-2 ლიგაში დაასრულა და ელიტის საგზური ვერ მოიპოვა, მაკფადენი კი საკმაოდ ძლიერი საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტადუსი “კიმისის” ღირსებას იცავდა და მეოთხედფინალურ სერიაში პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” მარცხი (0:2) განიცადა. მაკფადენის საშუალო მონაგარი 17.7 ქულა, 4.0 პასი, 2.9 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად “ოლიმპიაკოსთან” მატჩებში ამერიკელმა უკანახაზელმა ჯამში 36 ქულა მიითვალა, შეტევის დროს კი ასეთი მაჩვენებლები ჰქონდა: ორქულიანები 44.1%, სამქულიანები 41.6%, საჯარიმოები 81.9%. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ტადუსმა ბერძნული ლიგის “ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც” ითამაშა.

ვთქვათ ისიც, რომ მიჩიგანელმა მაკფადენმა ევროპული კარიერა 2009 წელს ჩეხურ “უსტი ნად ლაბემში” დაიწყო, შემდეგ კი, გერმანულ “ბრაუნშვაიგში”, კვიპროსულ აპოელ-სა და აეკ-ში, ფრანგულ “ნანსიში”, ბერძნულ პაოკ-სა და მაკედონიურ “კარპოს სოკოლიში” უთამაშია.

და ერთიც. მაკფადენი უკვე ვიკიპედიაზეც ისეა მოხსენიებული, როგორც საქართველოს ნაკრების წევრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში უახლოესი მატჩები მიდინარე თვის ბოლოს ელის. ილიას ზუროსის შეგირდები 29 ივნისს სერბეთს უმასპინძლებენ, 2 ივლისს კი ავსტრიას მიიღებენ.

წყარო: adjarasport.com