
როლან გაროსის ტურნირის ქალთა ფინალში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი საფრანგეთის ღია პირველობაზე, სამ სეტში დაამარცხა მე-10 ნომრად განთესილი ამერიკელი სლონ სტივენსი – 3:6, 6:4, 6:1.
ფინალური მატჩი 2 საათზე ოდნავ მეტ დროს გაგრძელდა. ჰალეპმა 6 შესაძლებელიდან 5 ბრეიქ პოინტი გამოიყენა.
სიმონა ჰალეპი პირველი რუმინელი ქალია, ვინც საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო ბოლო 40 წელიწადში.
პარიზულ ფინალამდე სტივენსი შესანიშნავი სტატისტიკით მივიდა. ამერიკელმა 6 ფინალში ითამაშა და ყველა მოიგო. ჰალეპი საფრანგეთის ღიას ფინალში მესამედ თამაშობდა, თუმცა აქამდე არ მოეგო.
სიმონა ჰალეპმა კარიერაში პირველად მოიგო “დიდი სლემის” ტურნირი.
სიმონა ჰალეპი: “შარშან ფინალში პირველი სეტი მოვიგე და მეორეშიც წინ ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდი. ახლა კი – პირიქით. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ბოლომდე მებრძოლა, ჯერ არაფერი იყო დაკარგული. და ყველაფერი გამომივიდა! ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი ამ წარმატებისკენ, ჩემთვის ეს გამარჯვება დიდი შვებაა”.
წყარო: popsport.com