მესი: “ვიცი, რომ ზეწოლა და შეტევები მადრიდიდან იმართებოდა”

399

ლეო მესიმ Sport-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი ცხოვრების რთული პერიოდი გაიხსენა და საგადასახადო სამსახურთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, 2 წლის წინ მესის 21 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ესპანური კანონმდებლობის თანახმად, თუ ბრალდებულს 2 წელზე ნაკლებს მიუსჯიან, ის ჯარიმის გადახდის შემდეგ თავისუფლდება.

მესიმ 2 წლიანი დუმილი დაარღვია და ხსენებული პერიოდი გაიხსენა. ლეომ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პროცესი მადრიდიდან იყო მართული.

“ბარსელონაში მქონდა მომენტები, როდესაც ვტიროდი და ეს ნორმალურია. ასეთი რაღაცები წლიდან წლამდე ხდება ხოლმე.

იმ პერიოდში სირთულეები გვქონდა. მთელი წელი რთულად გადასატანი გამოდგა, რადგან საგადასახადოსთან პრობლემები გვქონდა.

დეპრესია ბოლომდე არ დამიძლევია. ძალიან დიდი შემოტევა იყო ჩემზე, მამაჩემზე და ჩემს ახლობლებზე. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო და თავს დაზარალებულად ვგრძნობდი”.

ზუსტად იმ დროს, ანალოგიური პრობლემები კრიშტიანუ რონალდუსაც ჰქონდა და პორტუგალიელი ფეხბურთელი “რეალის” მხრიდან ყურადღების ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

მესის ამ მხრივ გაუმართლა და ისიც სწორედ ამ აზრზეა.

“მე გამიმართლა. კლუბის მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობდი. მეგობრების, ოჯახისა და მთელი კატალონიის მხარდაჭერამ თავი უფრო მშვიდად მაგრძნობინა.

ვთვლი, რომ ის შემოტევები, რომელიც იმ რთულ მომენტში მქონდა, მადრიდიდან იმართებოდა.
ვიცოდი რაც და როგორც ხდებოდა. ეს მტკივნეული იყო”.

მესიმ საუბარი კლუბის აკადემია “ლა მასიაზე” გააგრძელა. ლეოს ეტყობა, რომ იმედგაცრუებულია.

“კლუბის ფილოსოფია გასაგებია, თუმცა ბოლო წლებში გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა.

ბოლო წლებში ის არსი დაიკარგა და აკადემიიდან ბევრმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ კლუბი დიდი შესაძლებლობების გამო დატოვა”.