ოთარ კაკაბაძე: “მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის…”

291

საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს გასულ წელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

22 წლის ფეხბურთელი, რომელიც “ხიმნასტიკის” ღირსებას იცავს, ესპანური პრესის ობიექტივში ხშირად ხვდება.

კაკაბაძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ჩვენი დიდი სურვილია, ქართველი უახლოეს მომავალში ლა ლიგაში ვიხილოთ.

მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება. კაკაბაძემ ინტერვიუში საკუთარ მომავალზეც ისაუბრა.

– პირველ რიგში, გკითხავთ, როგორ შეაფასებდით ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას?
– მწვრთნელს თავისი მონახაზი ჰქონდა და სურდა, რომ სხვადასხვა ფეხბურთელი საქმეში ენახა. რა თქმა უნდა, ლუქსემბურგთან წაგება მიუღებელია, მაგრამ მე მთლიანად წელს დადებითად შევაფასებდი. ვთვლი, რომ წინ მივიწევთ.

– ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ. ვლადიმირ ვაისმა კი ოთარ კიტეიშვილის კარგი თამაში გამოჰყო…
– მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ეს ყველას უნდა გვახარებდეს. ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან და ეს ყველასთვის სასიხარულოა.

– საქართველოს ნაკრები ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთში დამარცხდა. რას იტყოდით ერთა ლიგაზე, ვალდებულია თუ არა ნაკრები, გავიდეს ჯგუფიდან?
– საერთოდ, მე არ მიყვარს ასე საუბარი, რომ ვინმე რამის ვალდებულია, მაგრამ ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ქართველ გულშემატკივარს გული გავუხაროთ.

– გასული სეზონი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო და ესპანურ პრესაში თქვენზე ხშირად იწერება…
– ძალიან კარგი სეზონი მქონდა და საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი. ფაქტობრივად, ყველა თამაში 90 წუთი ვითამაშე.

პარალელურად, ნაკრებშიც მქონდა თამაშები. ასეთი სეზონი მე არ მქონია, მაგრამ იმედია, უკეთესი სეზონებიც მექნება.

– როდესაც პირველად “ხიმნასტიკში” აღმოჩნდით, გუნდმა “ესბიერგში” გაგანათხოვრათ და დაბრუნების შემდეგ უკეთესად ათამაშდით…
– სანამ დანიაში წავიდოდი სათამაშოდ, ეს ჩემი პირველი კლუბი იყო უცხოეთში. ყველას უჭირს შეგუება, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახისგან შორს ხარ და ასევე, სათამაშო კუთხითაც მაღალი დონეა.

პირველი 6 თვე არ ამეწყო “ხიმნასტიკში” და წავედი დანიაში, სადაც ვიცოდი, რომ ვითამაშებდი. დანიაში სტაბილურმა თამაშმა ეს დღევანდელი შედეგი მომცა.

– ესპანურ პრესაში ხშირად იწერება, რომ თქვენ მზად ხართ, უფრო ძლიერ გუნდში გადახვიდეთ…
– მარტო იმას ვიტყოდი, რომ ეს საუბრები ძალიან მიხარია და იმედია, მარტო საუბრებად არ დარჩება.

იმ ჩემპიონატში თამაში, სადაც “რეალი” და “ბარსელონა” არიან, ყველას უნდა და ჩვენი მიზანიც ეგ არის.

თუ გამართლდება ის ხმები და მოლოდინი, რასაც ჩემგან ელოდებიან, ძალიან გამიხარდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

– ახლა თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება და იქნებით თუ არა მომავალ წელს “ხიმნასტიკში”?
– ერთი წელი “ხიმნასტიკთან” კონტრაქტი მაქვს და მე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ. ჯერ შემოთავაზება არ მაქვს.

– დაინტერესების დონეზე რომ თქვათ… ლა ლიგის გუნდებიდან თუ არის ინტერესი?
– ინტერესი ყველა ფეხბურთელის მიმართ არის. მთავარია, შემოთავაზება იყოს და დაინტერესება ახლაც არის და ყოველთვის იყო.

არ გამოვრიცხავ, ზაფხულში “ხიმნასტიკი” დავტოვო, ანდაც შესაძლოა, კლუბში დავრჩე. ორივე ვარიანტი დასაშვებია.

– თქვენ გარდა სეგუნდა დივიზიონში გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი აბურჯანიაც გამოდიან. თუ ნახულობთ მათ?
– რა თქმა უნდა, ჩვენ 16 და 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთად მოვდივართ. გარედან როგორც ჩანს, ისეთი ურთიერთობა გვაქვს ზუსტად.

აბურჯანია ცოტა შორს არის, მაგრამ მე და პაპუნა ახლოს ვართ და ვცდილობთ, ერთმანეთი ხშირად ვნახოთ.