20 წელი ტრიუმფიდან – როგორ საფრანგეთს ვიხილავთ მუნდიალზე(ნაწილი 1)

438

საფრანგეთი, ერთი შეხედვით, მსოფლიოს ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტთა შორის არ მოიაზრება, თუმცა, დიდიე დეშამს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

შემადგენლობა

საფრანგეთის ნაკრებს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ფრანგული ფეხბურთი წლიდან წლამდე ახალი ტალანტებით მდიდრდება. დიდიე დეშამსაც გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. ყველა დიდ ევროპულ ლიგაში და თითქმის ყველა ევროპულ გრანდში ფრანგი ვარსკვლავები თამაშობენ – რაფაელ ვარანის, სამუელ უმტიტის, პოლ პოგბას და ნ’გოლო კანტეს სახელები ამ სიის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, მათ რიგებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც წინა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს და დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვთ. მაგალითად, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანიც გამოდგებიან, რომელთა ასაკი მხოლოდ 24 წელია, თუმცა უკვე ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

დიდიე დეშამისთვის მთავარი გამოწვევა ამ მართლაც ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდის შეთამაშება და მისი ერთიანი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით ორგანიზებაა. დეშამის  23-კაციან გუნდში მოთამაშეები 15 სხვადასხვა გუნდიდან არიან და მხოლოდ პარი სენ ჟერმენს ჰყავს ნაკრებში ერთდროულად ოთხი მოთამაშე. ამ გუნდის ერთი სტრატეგიისა და ტაქტიკის მიხედვით შეთამაშება, ადვილი ამოცანა არ არის.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

მეკარე

საფრანგეთის ნაკრების კარებს უკვე მრავალი წელია უგო ლორისი იცავს. ის გამოცდილი მეკარეა და ბოლო დიდი ტურნირებია უცვლელად დგას „სამფეროვანთა“ კარში. ლორისი თავის კლუბში, ტოტენჰემშიც სტაბილურად თამაშობს და საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა რიცხვში იგი არ შედის, თუმცა სტაბილური გოლკიპერია.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

ნაკრებს იგი არამარტო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს მიღმაც სჭირდება. თავისი გამოცდილებისა და პირადი თვისებების გამო ლორისი „სამფეროვანთა“ კაპიტანია. ეს მას რთული და სკანდალური ხასიათის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ საფრანგეთის  ნაკრებში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ლორისის გარდა, ნაკრებში ასევე გამოძახებულები არიან სტივ მანდანდა მარსელის ოლიმპიკიდან და ალფონს არეოლა პარი სენ ჟერმენიდან.

დაცვის ხაზი

დეშამის გუნდი ყოველთვის 4 მცველით თამაშობს. დაცვის ცენტრში ორი ძალიან კარგი მოთამაშე – რაფაელ ვარანი რეალიდან და სამუელ უმტიტი ბარსელონადან ითამაშებენ. ორივე ახალგაზრდაა, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელების რიცხვში შედიან და უკვე მიიჩნევიან ერთ-ერთ საუკეთესო მცველებად. 191 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ვარანი ძალიან კარგად თამაშობს თავით და ძლიერია ორთაბრძოლებში, უმტიტი (ასევე კარგად თამაშობს ჰაერში) უფრო მოქნილი და პლასტიკურია, რაც მას ერთი-ერთზე თამაშის დროს ეხმარება.

ეს წყვილი კარგად აბალანსებს ერთამანეთს, რადგან უმტიტიმ ბარსელონაში ძალიან მოუმატა შეტევის დაწყების კომპონენტში. რეალში ორი ცენტრალური მცველიდან, შეტევას უფრო ხშირად ვარანის მეწყვილე სერხიო რამოსი იწყებს ხოლმე, ნაკრებში იგივე ფუნქციას უმტიტი შეითავსებს.

საფრანგეთის დაცვის ცენტრის ერთადერთი მინუსი ის შეიძლება იყოს, რომ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, მათ ნაკრებში ერთმანეთის გვერდზე არცთუ ისე ბევრი თამაში აქვთ ჩატარებული. ვარანი-უმტიტის წყვილის სასარგებლოდ არ მეტყველებს სტატისტიკა. ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში ამ წყვილით ფრანგებმა ხუთი გოლი გაუშვეს (საფრანგეთი – კოლუმბია 2-3; საფრანგეთი-გერმანია 2-2). მათ გარდა ნაკრების დაცვის ცენტრში თამაში შეუძლია კიმპემბეს პარი სენ ჟერმენიდან, რომელიც ასევე ახალგაზრდაა (22 წლის) და ასევე სწრაფად პროგრესირებს.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

საფრანგეთის ნაკრების დაცვის ფლანგები შედარებით ნაკლებად ვარსკვლავურია. დეშამი ამ პოზიციებზე სხვადასხვა ფეხბურთელებს ათამაშებს ხოლმე. მარჯვნიდან ყველაზე ხშირად ჯიბრილ სიდიბე (მონაკო) თამაშობს. სიდიბე გულშემატკივარს გასულ სეზონში მონაკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი თამაშის გამო დაამახსოვრდა. იგი ყოველთვის ერთვება შეტევაში და ძალიან კარგად გამოიყურება შეტევით ფაზაში. მისი შემცვლელი ბენჟამენ მენდი უნდა იყოს მანჩესტერ სიტიდან, რომელსაც წელს საკმაოდ ბევრი თამაში გაუცდა.

მარცხენა ფლანგზე დიდიე დეშამს ორი კანდიდატი ჰყავს. ლუკა ერნანდესი მადრიდის ატლეტიკოდან და ლეივინ კურჟავა პარი სენ ჟერმენიდან. უფრო რეალისტურია, რომ ამ პოზიციაზე ძირითადში ლეივინ კურჟავა ითამაშებს. კურჟავას ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და თავისი პოზიციისთვის ძალიან ტექნიკურია. სიდიბეს მსგავსად, მასაც ძალიან უყვარს შეტევაში წასვლა. მისი ასეთი თამაში განპირობებულია პარი სენ-ჟერმენის სათამაშო სტილითაც. პარიზელები კლასით დანარჩენ ფრანგულ გუნდებს ერთი თავით აღემატებიან და ჩემპიონატის შეხვედრებში თამაშის დიდ ნაწილს მოწინააღმდეგის ნახევარზე ატარებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნომინალური მცველი კურჟავაც უფრო მეტად შეტევით ოპერაციებშია ჩართული, ვიდრე თავის უშუალო მოვალეობებს ასრულებს.

კურჟავასთან ერთად, დაცვის ფლანგზე ბარსელონას სათადარიგო ლუკას დინიე თამაშობდა ხოლმე. თუმცა, დეშამმა მის ნაცვლად ლუკა ერნანდესი წაიყვანა, რომელსაც ნაკრებში მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული.

როგორც სიდიბე, ასევე კურჟავა, 25 წლის არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის დაცვის ხაზი მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია.

წყარო: popsport.com