ამომავალი მზის ქვეყანა ჩავასვენეთ

833

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა სარეკორდო გამარჯვებას მიაღწია, რაც ერთ ტურნირზე ორი შეხვედრის მოგებით იხსნება. ბორჯღანოსნების მორიგი მსხვერპლი ირლანდიის შემდეგ იაპონია გახდა, რომელიც 24-22 დავამარცხეთ.

პირველი ლელო ჩვენს ჩათვლის მოედანზე დერეფნის არაზუსტ გათამაშებას მოჰყვა და ასე აღმოვჩნდით პირველივე წუთებიდან თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში. (0-7)

წონასწორობა მალევე აღდგა, როდესაც გელა აფრასიძემ ლუკა ჯაფარიძის ლელო გარდასახა. (7-7)

იაპონელებმა მორიგი ქულები 11 წუთიან ინტერვალში მოიპოვეს და წინ 10 ქულის სხვაობით გაიჭრნენ(7-17). ჯერ ჯარიმა ძელებს შორის მორიმ მოათავსა, ხოლო შემდეგ ვაილეას ლელოც თავად გარდასახა. ჩვენდა სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ტაიმის ბოლოს კაცნაკლულებმა მოვახერხეთ ანგარიშის შემცირება და საბოლოო ჯამში ტაიმი (12-17) დავთმეთ. ლელოს ავტორი დემე თაფლაძე გახდა, გარდასხვა კი ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმში ქართველების უპირატესობა ნათლად ჩანდა, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ჩვენი ნაკრები უტევდა, იაპონელებმა ბურთი სუფთად ამოგვაცალეს და მორიგი ლელოს დამიწებით დაგვსაჯეს. ჩამორჩენამ 10 ქულას უწია, რადგან გარდასხვა ვერც იაპონიამ გამოიყენა (12-22). უნდა აღინიშნოს მათი ძალიან კარგი თამაში დაცვაში.

კაცნაკლულად ასპარეზობა მეორე ნახევარშიც მოგვიწია, მაგრამ ამ პერიოდში ანგარიში არ შეცვლილა და როგორც კი გაძევებული მამამთავრიშვილი მოედანზე დაბრუნდა დემე თაფლაძემ მეორე ლელო მიითვალა, ამ დროს კი იაპონელი ფუჯივარა უხეშად თამაშის გამო ყვითელი ბარათით დაისაჯა. გუნდს მოგებისთვის ჩინებული შანსი მიეცა და თედო აბჟანდაძის ასევე ჩინებული გარღვევის შემდეგ გელა აფრასიძის ცრუმოძრაობას ვერავინ მიუხვდა და მეტოქე ეფექტურად დაალელოვა. (24-22)

ბრწინყვალე გამარჯვებას მიღწეულია, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს ტოპ 10-ში მოხვედრა გარანტირებული აქვს და მორიგ თამაშს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება.