ეფენბერგის მკაცრი პოზიცია – ეს ფეხბურთელები ნაკრებიდან უნდა მოიკვეთონ!

429

შტეფან ეფენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, მესუთ იოზილს და ილქაი გიუნდოგანს გერმანიის ნაკრებიდან გააგდებდა. 49 წლის ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი თურქული წარმოშობის მქონე ფეხბურთელებს ვერ პატიობს იმ ფაქტს, რომ ისინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ და მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

“გერმანიის საფეხბურთო კავშირში ყოველთვის ამბობენ, რომ მათ გარკვეული ღირებულებები აქვთ, რასაც არასდროს უღალატებენ. თუ ასეა, მაშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირს იოზილი და გიუნდოგანი ნაკრებიდან სასწრაფოდ უნდა მოეკვეთა!” – უთხრა t-online.de-ს ეფენბერგმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ თავად ეფემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა. 1994 წელს მან გერმანიის ნაკრების ფანებს შუა თითი უჩვენა, რის შემდეგაც ბუნდესგუნდიდან მოკვეთეს.

ეფენბერგი: “როგორც ჩანს, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ. ჩემ დროს კი სხვანაირად მოიქცნენ…”

“გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მაშინ, ჩემს შემთხვევაში, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღო და მკაცრად დავისაჯე. იოზილს და გიუნდოგანს კი გაუმართლათ, რადგან ახლა გერმანიის საფეხბურთო კავშირი გაცილებით ლმობიერია. როგორც ჩანს, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ. ჩემ დროს კი სხვანაირად მოიქცნენ – მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს ძალიან ვჭირდებოდი, მაინც მაშინვე გამაგდეს!” – განაცხადა ეფენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩის დროს (2:1) ფანებმა გიუნდოგანს უსტვინეს – მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, ერდოღანთან ფოტოების გადაღებას პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონიაო. მესუთ იოზილს კი ამ ფაქტზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია.

წყარო: popsport.com