ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებიდან ლოპეტეგი დაითხოვეს

2162

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით, ხოლო თავად ესპანელთა საწყის მატჩამდე 2 დღით ადრე, იულიან ლოპეტეგი დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.

აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუის რუბიალესმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ეს ძალიან რთული მომენტა, მაგრამ ჩვენ იძულებულნი გავხდით ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ლოპეტეგს წარმატებებს ვუსურვებთ. ესპანეთის ნაკრები ყველა ესპანელისაა და გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო”, – განაცხადა რუბიალესმა.

ლოპეტეგს ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულება გაუქმდა. ასეთი რადკალური ნაბიჯის გადადგმის მიზეზი კი ლოპეტეგსა და “რეალს” შორის გაფორმებული კონტრაქტი აღმოჩნდა.

ესპანური ფეხბურთის ბოსებმა მიუღებლად მიიჩნიეს მუნდიალის დაწყებამდე სხვა გუნდთან შეთანხმება.

ჯერჯერობით უცნობია ვინ გაწვრთნის “ფურია როხას” მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მუნდიალზე პირინელებს ფერნანდო იერო გაწვრთნით. ესპანეთს პირველი ტურის მატჩი 2 დღის შემდეგ პორტუგალიასთან ელოდება.