ფეტელმა 50-ე გამარჯვება მონრეალში იზეიმა

157

სებასტიან ფეტელმა სტარტიდან ფინიშამდე იოლად შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია და თავის კარიერაში 50-ე გამარჯვება მოიპოვა. ამით მან ჩემპიონატის ლიდერობაც დაიბრუნა – „ფერარის“ პილოტს კანადური ეტაპის შემდეგ 121 ქულა დაუგროვდა, რაც ერთი ქულით მეტია მისი მთავარი მეტოქის, ლუის ჰამილტონის მონაგარზე.

ერთობ უინტერესო რბოლა ავარიით დაიწყო და კურიოზულად დასრულდა. პირველივე ბრენდონ ჰარტლი ლანს სტროლს დაეჯახა. რა თქმა უნდა, ორივე მანქანა დაიმტვრა. ორივე პილოტი უვნებლად გადარჩა, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, ახალზელანდიელი მრბოლი ადგილობრივ მედცენტრში გასასინჯად მაინც წაიყვანეს.

რაც შეეხება კურიოზს, ის 68-ე წრეზე მოხდა, როცა რბოლის დასრულებამდე ორი წრე რჩებოდა – მოდელმა ვინი ჰარლოუმ, ვისაც ფინიშის დროშის აფრიალების საპატიო მისია ეკისრა, საქმე ორი წრით ადრე გააკეთა. ოღონდ, ეს მისი ბრალი არ იყო, რადგან შესაბამისი მითითება მსაჯისგან მიიღო.

სხვათა შორის, დანიელ რიკიარდომ, რომელიც ახალი ძრავის მუშაობით უკმაყოფილო იყო, 69-ე და 70-ე წრეებზე უსწრაფესი დრო დააფიქსირა. მაგრამ რეგლამენტის შესაბამისად, პილოტებს მხოლოდ 68 წრე ჩაეთვალათ, რადგან დროშასთან დაკავშირებული კურიოზი 69-ე წრეზე მოხდა. ამიტომ უსწრაფესი წრე მაქს ფერსტაპენისგან დაფიქსირდა.

„უთხარით მაგათ, რომ დროშას მანამ ნუ აფრიალებენ, სანამ არ დაგვიმთავრებია“, – უკმაყოფილო ფეტელმა თავისიანებს რადიოთი გასძახა. მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო. რაც მთავარია, გერმანელი ამით არ დაზარალებულა. მოკლედ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა „ფერარის“ კანადაში 2004 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. ის ბოლო გამარჯვება მარანელოელებს მიხაელ შუმახერისგან ჰქონდათ, ვისაც მონრეალში სულ შვიდი რბოლა აქვს მოგებული.

ფეტელმა ამ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამგვარად, მას ჰამილტონსა და რიკიარდოზე ერთით მეტი მოგება აქვს. აღსანშნვი ისიც, რომ მონრეალის ტრეკზე ეს ფეტელის მეორე მოგებაა. პირველი 2013 წელს, „რედ ბულთან“ ერთად მოიგო.

„იდეალური – ამ რბოლას ალბათ ასე დავახასიათებდი. დაუჯერებელია. გუშინ ვამბობდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილი „ფერარისთვის“. ამიტომ ასეთი რბოლა, როგორიც დღეს გვქონდა, წარმოუდგენელია. ეს ჩემი 50-ეა, მაგრამ იმის გამო, რომ „ფერარის“ აქ დიდი ხანია, არ მოუგია, ვხედავ, ხალხი ძალიან გახარებულია“, – განაცხადა ფეტელმა.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, ჟილ ვილნევის ტრასა, დისტანცია 296.548 კმ (4.361 კმ, 68* წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:28.31.377
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 6.496
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 7.702
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 19.625
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 21.408
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 27.308
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  16. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 2 წრე
  17. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 20 წრე
  19. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 68 წრე
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 68 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი – 1:13.864 (65-ე წრე, 212.547 კმ/სთ)

შენიშვნა: დისტანცია 2 წრით შემოკლდა, რადგან ფინიშის დროშა შეცდომით, 2 წრით ადრე ააფრიალეს

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი – 121 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი – 120; 3. ვალტერი ბოტასი – 86; 4. დანიელ რიკიარდო – 84; 5. კიმი რაიკონენი – 68; 6. მაქს ფერსტაპენი – 50; 7-8. ფერნანდო ალონსო და ნიკო ჰულკენბერგი – 32; 9. კარლოს საინსი – 24; 10. კევინ მაგნუსენი – 19; 11. პიერ გასლი – 18;12. სერხიო პერესი – 17; 13. ესტებან ოკონი – 11; 14. შარლ ლეკლერი 10; 15. სტოფელ ვანდოორნი – 8; 16. ლანს სტროლი – 4; 17. მარკუს ერიკსონი – 2; 18. ბრენდონ ჰარტლი – 1; 19-20. რომენ გროჟანი და სერგეი სიროტკინი – 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი – 206 წულა; 2. ფერარი – 189; 3. რედ ბული – 134; 4. რენო – 56; 5. მაკლარენი – 40; 6. ფორს ინდია – 28; 7. ჰაასი – 19; 7. ტორო როსო – 19; 9. ზაუბერი – 12; 10. უილიამსი – 4